ახალი ამბები

შსს: დააკავეს პირი, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტის სახელით მოქალაქეებს ფულს სძალავდა

13 აპრილი, 2024 • 2507
შსს: დააკავეს პირი, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტის სახელით მოქალაქეებს ფულს სძალავდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით მოქალაქეებს ემუქრებოდა და დიდი ოდენობით ფულს სძალავდა.

უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს, საზღვარგარეთ მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით მოქალაქეებს უკავშირდებოდა და მათ სიცოცხლის მოსპობის, ასევე, ქონების განადგურების მუქარით, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, 100 000 დოლარს სთხოვდა.

პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ტ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

შსს-ის ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს მობილური ტელეფონი და სიმ ბარათები, რომელთა საშუალებითაც ბრალდებული მოქალაქეებს თანხის გამოძალვის მიზნით უკავშირდებოდა.

დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ბრალი 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი