ახალი ამბები

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი გახარიასა და ზურაბიშვილს შეხვდა

28 იანვარი, 2021 • 768
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი გახარიასა და ზურაბიშვილს შეხვდა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა.

ჯავად ზარიფი ტელეფონით ესაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსის ვირუსული ინფექცია დაუდგინდა და თვითიზოლაციაში იმყოფება.

ირანელმა დიპლომატმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას რეგიონში მიმდინარე პროცესებისა და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების შესახებ ისაუბრა.

“უმაღლესი რანგის ირანელმა დიპლომატმა საქართველოს მიულოცა საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება, ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ ურთიერთობებს და პრეზიდენტ ზურაბიშვილს გადასცა ირანის პრეზიდენტის, ჰასან როჰანის თეირანში ვიზიტის მოწვევა”, – ნათქვამია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მინისტრმა ხაზი საქართველოში მცხოვრები ირანის მოქალაქეების პრობლემებსა და იმ სირთულეებს, რასაც ირანული სატვირთო მანქანების მძღოლები საქართველოში აწყდებიან და საქართველოს ხელისუფლებას აღნიშნული პრობლემების მოგვარებისთვის თხოვნით მიმართა.

ირანული მხარის ცნობით, საუბარი შეეხო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდგომ რეგიონში თანამშრომლობისა და კავშირების აღდგენას, რაც ყველა ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება.

თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმაც ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ ურთიერთობებსა და სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორობას.

“პრეზიდენტმა ისაუბრა ოკუპაციაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე. მან ხაზი გაუსვა რეგიონსა და საქართველოში სტაბილურობის მნიშვნელობას. საუბარი ასევე შეეხო პანდემიას, რითაც მნიშვნელოვნად შეფერხდა ორმხრივი ურთიერთობები. საქართველოს პრეზიდენტმა ირანელ სტუმართან განიხილა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი და ახალი მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, რომელთა გამოყენებაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას”, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცახდებაში.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ რეგიონში შექმნილ ვითარებას ყურადღება დაეთმო პრემირ-მინისტრ გიორგი გახარაისთან შეხვედრის დროსაც.

გარდა ამისა, ირანელმა დიპლომატმა ისაუბრა სირთულეებზე, რაც ორმხრივ ურთიერთობებში არსებობს.

“მან ასევე ისაუბრა ორმხრივი ვაჭრობის პრობლემებზე, ირანული საბანკო სექტორის საქართველოში მოქმედების აკრძალვაზე, ტრანზიტისა და გადაზიდვების სირთულეების შესახებ და საქართველოს პრემიერ-მინისტრს სთხოვა აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრა”, – ნათქვამია ირანული მხარის განცხადებაში.

ზარიფმა მადლობა გადაუხადა პრემიერ გახარიას ირანელი პატიმრების ქვეყანაში ექსტრადიციის გამოც.

ფოტო გარეკანზე: ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო


ჯავად ზარიფი თბილისში რეგიონალური ტურნის ფარგლებში იმყოფებოდა. იგი მანამდე სტუმრობდა ბაქოს, მოსკოვსა და ერევანს. თბილისიდან დიპლომატი ანკარაში გაემგზავრა.

დამატებით ინფორმაციის გასაცნობად, თუ რატომ ჩამოვიდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში, იხილეთ ნეტგაზეთის მასალა:

რატომ ჩამოდის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში

მასალების გადაბეჭდვის წესი