ახალი ამბები

ზოგიერთ შემთხვევაში მას სწორი პოზიციის გამოხატვა სურდა, მაგრამ არასწორად გამოთქვა – მიტროპოლიტი დეკანოზის ქადაგებაზე

27 იანვარი, 2021 • 1079
ზოგიერთ შემთხვევაში მას სწორი პოზიციის გამოხატვა სურდა, მაგრამ არასწორად გამოთქვა – მიტროპოლიტი დეკანოზის ქადაგებაზე

“რასაკვირველია, ამას ჩვენ ძალიან გულისტიკივილით აღვიქვამთ”, – უთხრა ჟურნალისტებს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა დეკანოზ თადეოზ სარალიძის ქადაგებაზე, რომელიც სიძულვილის გზავნილებს შეიცავს. მიტროპოლიტი დასძენს, რომ ზოგ შემთხვევაში სასულიერო პირს “სწორი პოზიციის გამოხატვა სურდა”, თუმცა ეს არ გამოუვიდა. მისი განცხადებით, ეპარქიაში იმსჯელებენ აღნიშნულზე.

“რაც შეეხება ქადაგების შინაარსს, რომელიც რამოდენიმე თემას ეხებოდა და ზოგიერთი თემა არ იყო განმარტებული ისე, როგორც არის მისაღები, რასაკვირველია, ეს არის არაკორექტული, მაგრამ მინდა, ერთი რამ ვთქვა:

ზოგიერთ შემთხვევაში, მას სურდა სწორი პოზიცია გამოეხატა, მაგრამ არასწორად გამოთქვა ზოგიერთი შეხედულება. ნებისმიერ თემაზე, მოვლენაზე, ეკლესიამ უნდა გააკეთოს სწორი შეფასება. მან სცადა ამ სწორი შეფასების გაკეთება, მაგრამ ამ შეფასებისას იყო გარკვეული ხარვეზები”, – უთხრა მიტროპოლიტმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, საკითხს “გულისტკივილით აღიქვამს მამა თადეოზიც”:

“ამ ადამიანს ორ ათეულ წელზე მეტი აქვს ძალიან დიდი სტაჟი სამღვდელო მოღვაწეობისა და ჭიათურაში მას ძალიან პატივს სცემენ. ჩემთვის არ იყო ცნობილი ის ფაქტი, რომ ის თავის ქადაგებებს დებდა სოციალურ ქსელებში.

ეს სიახლე იყო. ამიტომ მე არ ვიყავი გაცნობილი და როდესაც გავეცანი, ძალიან არ მოვუწონე ეს მას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ საკითხს განიცდის და მსგავსი რამ არ განმეორდება”.

მიტროპოლიტ დანიელის თქმით, საეკლესიო კანონიკის საფუძველზე იმოქმედებენ და საკითხის განხილვის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

მიტროპოლიტმა ქადაგებასთან დაკავშირებით განცხადება დღის პირველ ნახევარშიც გაავრცელა და თადეოზ სარალიძის გზავნილები “სრულიად შეუფერებლად” შეაფასა.

თავად დეკანოზმა თადეოზ სარალიძემ ეკლესიაში მისული ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა. მან სატელეფონო კომენტარი მისცა “ტვ პირველს”, სადაც კვლავ გაიმეორა სიძულვილის გზავნილები ბავშვების მიმართ. ჟურნალისტის კითხვას, რჩება თუ არა იმავე პოზიციაზე ქადაგების ამ ნაწილთან დაკავშირებით, დეკანოზმა დადებითად უპასუხა.

რა თქვა 24 იანვრის ქადაგებისას დეკანოზმა სარალიძემ?

დეკანოზი თადეოზ სარალიძე მღვიმევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მსახურობს. 24 იანვრით დათარიღებული ქადაგების ვიდეო “ფეისბუქზე” აიტვირთა. მოგვიანებით ის ეკლესიის გვერდმაც გააზიარა.

სასულიერო პირი ამბიონიდან მრევლს სიკეთის გაცემის შესახებ ესაუბრებოდა, რა დროსაც სომხების მიმართ შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგია გამოიყენა და ისინი წარმოაჩინა ადამიანებად, რომელთათვისაც მიუღებელია რაიმეს გაცემა.

“რასაცა გასცემ, შენია, რაც არა – დაკარგულია. სომეხი ხომ არა ხარ, გაფუჭებული სომეხი. სომეხი რას ამბობს? რა გავცე, რის გავცეო…” – თქვა მან.

შემდგომ დეკანოზმა სარალიძემ მრევლს გაუზიარა ამბავი, როგორ მიაწოდა მაღალი ტემპერატურის პირობებში მომუშავე ეთნიკურად აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს ცივი წყალი. მისი თქმით, ამის შემდეგ ახალგაზრდები გამოელაპარაკნენ და დაინტერესდნენ იქვე მშენებარე ეკლესიის საკითხით.

“ეს ეკლესიაო – ხომ იცით, მაგათ ეკლესია არ უყვართ – ამ ეკლესიას ვინ აშენებსო? მთავრობა თუ თქვენო? ნახეთ, უკვე კონტაქტში შემოვიდნენ”.

სიკეთეზე საუბარი დეკანოზმა შემდგომაც განაგრძო და ამჯერად “ქურდული წრეების” მაგალითზე შეეცადა, აეხსნა მრევლისთვის მისი მნიშვნელობა. მღვდლის თქმით, იყო “იმ ბიჭებთან, იმ სისტემაში და მართლა ვაჟკაცები იყვნენ”.

შემდგომ თადეოზ სარალიძემ ახალ კორონავირუსზე დაიწყო საუბარი. ის, ერთი მხრივ  დაუსაბუთებლად ირწმუნებოდა, რომ ადამიანებს, აცრის არგაკეთების შემთხვევაში, პენსიის მოხსნით ემუქრებიან, მეორე მხრივ კი, ამბობდა, რომ მრევლმა COVID-19 “ღვთისმშოვლის დახმარებითა და გენეტიკური სიძლიერით” გადაიტანა.

ბოლოს დეკანოზი თადეოზ სარალიძე შეეხო ბავშვებს, რომელთაც, მათი თქმით, ვირუსი ვერ მოერევათ, თუ იქნებიან “ვაჟკაცები, პატიოსნები და ეკლესიის ერთგულები”. მორიგი სიძულვილის გზავნილი დეკანოზმა ბავშვების იმ ნაწილის მიმართ გაახმიანა, ვინც არ ჯდება მის მიერ ჩამოთვლილ ნორმებში.

“თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, არც სპორტში ივარგე, არც ეკლესიაში… მაშინ არ ჯობია, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს?” – თქვა მან.

ქსენოფობია, სიძულვილის გზავნილები ბავშვებისადმი და მითები კოვიდზე – დეკანოზ სარალიძის ქადაგება

მასალების გადაბეჭდვის წესი