ახალი ამბები

გლდანის და ქსნის საპატიმროებში კორონავირუსი, ჯამში, 78 პატიმარს დაუდასტურდა – ლორთქიფანიძე

26 იანვარი, 2021 • 934
გლდანის და ქსნის საპატიმროებში კორონავირუსი, ჯამში, 78 პატიმარს დაუდასტურდა – ლორთქიფანიძე

იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის თქმით, N8 (გლდანის) და N15 (ქსნის) პენიტენციური დაწესებულებებში, ჯამში, 78 პატიმარს დაუდასტურდა კორონავირუსი. ამის შესახებ მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ლორთქიფანიძის თქმით, N8 (გლდანის) პენიტენციურ დაწესებულებაში 2 422 ტესტი ჩატარდა, საიდანაც კორონავირუსი 38 ადამიანს დაუდასტურდა, 8 პატიმარი კი სიმპტომების გამოვლენის შემდეგ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაიყვანეს. დანარჩენი 30 უსიმპტომო პაციენტია.

რაც შეეხება N15 (ქსნის) პენიტენციური დაწესებულებებას, აქ 1 735 ტესტი ჩატარდა, საიდანაც კორონავირუსი 40 ადამიანს დაუდასტურდა, თუმცა ყველა მათგანი უსიმპტომოა. ლორთქიფანიძის თქმით, არის ცალკეული შემთხვევებიც, რომელზე კვლევაც გრძელდება.

ლორთქიფანიძის განმარტებით, ორივე პენიტენციური დაწესებულების შემთხვევეაში, პატიმრები, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, დაწესებულების საკარანტინო სივრცეში, იზოლაციაში არიან მოთავსებული. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, სამედიცინო პროტოკოლის თანახმად, სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

“ამ ეტაპისთვის კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ინტენსიური ტესტირებების პროცესი ამ თვის ბოლომდე დასრულდება მთლიანად ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის ტესტირება ჩატარებულია 10 პენიტენციურ დაწესებულებაში, სულ გაკეთდა 6654 და, ჯამში, გვაქვს 113 შემთხვევა”, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ასევე, მინისტრის განცხადებით, იზოლირებული არიან ის პირებიც, ვისაც კორონავირუსის მქონე პატიმრებთან ჰქონდათ კონტაქტი. ლორთქიფანიძის თქმით, კონტაქტებს ყოველდღიურად უტარდებათ სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული მონიტორინგი, რაც თერმოსკრინინგს და სატურაციის კონტროლს გულისხმობს. ასევე, მათ ყოველ 72 საათში ანტიგენის და შემდეგ PCR ტესტით შეამოწმებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი