ახალი ამბები

GWP-ს გაფიცულ თანამშრომლებსა და კომპანიას შორის შეთანხმება ვერ შედგა

26 იანვარი, 2021 • 1249
GWP-ს გაფიცულ თანამშრომლებსა და კომპანიას შორის შეთანხმება ვერ შედგა

წყალმომარაგების კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გაფიცულ თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის ამ დრომდე შეთანხმება ვერ შედგა.

მხარეებს შორის შეხვედრა დღეს საღამოს გაიმართა, თუმცა, როგორც გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, “შეხვედრამ უშედეგოდ ჩაიარა”.

“ჩვენი მოთხოვნა ხელფასების მატება იყო, მათ თქვეს, რომ ტარიფები იგივე დარჩებოდა”, – განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა თანამშრომელმა TV პირველთან საუბრისას. “ძირითად მოთხოვნებს არ აკმაყოფილებენ. ვერ გვეუბნებიან ცალსახა პასუხს და ამის გამო არ ხდება შეთანხმება”, – აცხადებს კიდევ ერთი გაფიცული.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, შეიქმნება ერთგვარი “სტაჟირების სისტემა”, რომელიც იქნება 6-თვიანი, რა დროსაც შენარჩუნდება ანაზღაურების აქამდე არსებული ტარიფი, ხოლო ამ 6 თვის გასვლის შემდეგ დასაქმებულებს გაეზრდებათ ხელფასები.

კომპანიის თანამშრომლების განცხადებით, ისინი აპირებენ, რომ ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედების შემდეგაც დარჩნენ კომპანიის ტერიტორიაზე და საკუთარი პირობების შესრულება მოითხოვონ.


GWP-ის თანამშრომლების ნაწილი დღეს გაიფიცა. მათ სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ, მათ შორის ხელფასების მატება, ანაზღაურებადი შვებულება და ჯანმრთელობის დაზღვევის შექმნა.

კომპანიამ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ გაფიცული პირები არღვევდნენ კომპანიასთან გაფორმებულ კონტრაქტებს, მიუხედავად ამისა, GWP-ის ადმინისტრაცია მზად იყო მოლაპარაკებებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი