ახალი ამბები

რა ვიცით კორონავირუსის ახალი ვარიანტების შესახებ

2 თებერვალი, 2021 • 793
რა ვიცით კორონავირუსის ახალი ვარიანტების შესახებ

ახალმა კორონავირუსის ინფექციამ, რომელიც პირველად ჩინეთში 2019 წლის დეკემბრის ბოლოს გავრცელდა, სხვადასხვა ქვეყანაში მუტაცია განიცადა და განსხვავებული თვისებები შეიძინა.

რიგ შემთხვევებში ახალი მუტაციები უფრო სწრაფად ვრცელდებიან და შესაძლოა, ახასიათებდეთ სიკვდილიანობის შედარებით მაღალი პროცენტული მაჩვენებელი.

ამჟამად მსოფლიოში გარდა ჩინური ვარიაციისა, ცირკულირებს სამი შედარებით ცნობილი და გავრცელებული სხვადასხვა მუტაცია, მათ შორის ე.წ. ბრიტანული, რომელიც სამედიცინო ენაზე B.1.1.7, 20I/501Y.V1-ის სახელითაა ცნობილი, ბრაზილიური, იგივე B.1.1.248 ან P.1 და სამხრეთ აფრიკული შტამი, რომელსაც B.1.351-ის სახელით მოიხსენიებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი მუტაციების შესწავლა ჯერ კიდევ გრძელდება, მსოფლიოს არაერთი ქვეყანა დამატებით შეზღუდვებს იღებს, რათა მათი ქვეყნაში მოხვედრის რისკი თავიდან აირიდოს.

იმუნოლოგების განცხადებით, უკვე არსებული ვაქცინები ახალ მუტაციების წინააღმდეგ, ეფექტურნი იქნებიან, თუმცა საყოველთაო ვაქცინაცია აუცილებელია, რადგან შემცრიდეს ვირუსის გავრცელება და ამ გზით, “შეიზღუდოს ვირუსის მუტაციების შესაძლებლობა”.

ბრიტანული შტამი – “სწრაფი გავრცელება”

მიიჩნევა, რომ კორონა ვირუსის ბრიტანული შტამის გავრცელება ჯერ კიდევ 2020 წლის შემოდგომით, ინგლისში დაიწყო, თუმცა მოგვიანებით, დეკემბრის თვეში იგი კიდევ უფრო გააქტიურდა და არამხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც გავცელდა.

იგი მანამდე არსებულ ვარიაციებთან შედარებით, უფრო სწრაფად ვრცელდება, რის გამოც ჩნდება განცდა, რომ ის ვირუსის სხვა მუტაციებს ანაცვლებს და დომინანტური ხდება.

ბრიტანული ეროვნული ბიონიმუშების ცენტრის მონაცემებით, ბრიტანეთში კორონავირუსის დადებითი შემთხვევების “დაახლოებით 90 პროცენტი უკვე ე.წ. ბრიტანული შტამია”.

MK Lighthouse Lab @Biocentre_UK covid testing continues to show a significant increase in positive test rate and B117 ‘new variant’, as detected by PCR S (spike) gene target failure (SGTF), now represents ~90% of all positives. pic.twitter.com/0w7nqsapFG

— Tony Cox (@The_Soup_Dragon) January 6, 2021

ვირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების საწყის ეტაპზე ითვლებოდა, რომ იგი, მიუხედავად მისი ერთი ადამიანიდან მეორეზე გადადების სისწრაფისა, არ იყო აქამდე არსებულ ანალოგებთან შედარებით უფრო მომაკვდინებელი, თუმცა 22 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ახალი შტამი, “შესაძლოა უფრო მომაკვდინებელი ყოფილიყო”.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სამეცნიერო მრჩეველის პატრიკ ვალენსის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსის ძველი შტამით ინფიცირებული რისკჯგუფში შემავალი 1000 ადმაიანის შემთხვევაში, სავარაუდოთ, 10 გარდაიცვლებოდა, ეს რიცხვი ახალი ვარიანტის დროს 13-ია. მიუხედავად ამისა, მისივე თქმით, არსებული მონაცემები არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ბრიტანული მუტაცია დადასტურებულად უფრო მომაკვდინებელია, თუმცა ამის ტენდენცია შეინიშნება.

ინგლისსა და შოტლანდიაში, ახალი შტამის გავრცელების გამო, ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში შემოიღეს საყოველთაო კარანტინი. გაერთიანებული სამეფოს მეზობელმა სახელმწიფოებმა ბრიტანეთიდან ქვეყანაში შესული მგზავრებისთვის დამატებითი რეგულაციები დააწესეს, რაც სავალდებულო კარანტინს ან/და თვითიზოლაციასა და ქვეყანაში შესვლის დროს კორონავირუსის ტესტის უარყოფით პასუხს გულისხმობს.

რეგულაციები დააწესა საქართველომაც. უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ის პირები, რომლებიც ბრიტანეთიდან საქართველოში ბრუნდებიან, 12 დღით სავალდებულო საკარანტინო სივრცეებში მოთავსდებიან.

საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი 4 იანვარს დადასტურდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებული იყო 50 წლამდე მამაკაცი, რომელსაც, სავარაუდოთ, კავშირი ქონდა უცხოეთის მოქალაქესთან.

დღეისათვის ბრიტანული ვარიანტი მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. სწორედ ბრიტანული შტამით დაინფიცირდა სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანიც.

სამხრეთ აფრიკული ვარიანტი

სამხრეთ აფრიკული ვარიანტი, მსგავსად ბრიტანულისა, შეიცავს ისეთ მუტაციას, რომელიც ვირუსს უფრო”გადამდებს” ხდის. გარდა ამისა, სამხრეთ აფრიკული შტამი შეიცავს E484K და K417N-ის ტიპის მუტაციებს, რის გამოც, შესაძლოა, მას უკეთესი უნარი შესწევდეს გაანეიტრალოს ორგანიზმის “ანტისხეულებზე საპასუხო რეაქცია”.

ამ აზრს ამყარებს ამერიკული Novavax Covid-ის ვაქცინის გამოცდა. The Guardian-ის ცნობით, დავდაპირველი კორონავირუსის ე.წ. “ვუჰანის ვარიანტის” წინააღმდეგ ვაქცინა 95.6 პროცენტით ეფექტური იყო, ხოლო ბრიტანული ვარიანტის შემთხვევაში 85.6 პროცენტით. სამხრეთ აფრიკულის დროს, ეს რიცხვი 60%-ია.

ექსპერტების განცხადებით, ჯერ-ჯერობით არ არსებობს დასტური იმისა, რომ აფრიკული ვარიანტი უფრო მძიმე და/ან განსხვავებული ფორმებით მიმდინარეობს, ვივდრე აქამდე არსებული ანალოგები.

ამ დროისთვის სამხრეთ აფრიკული შტამი მსოფლიოს 30 ქვეყანაზე მეტშია აღმოჩენილი, მათ შორის: გაერთიანებულ სამეფოში, ავსტრიაში, კენიაში, იაპონიაში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ბელგიაში. ამ უკანასკნელში უკვე დაფიქსირდა ადგილობრივი გავრცელების შემთხვევებიც.

მსოფლიოს სახელმწიფოები, მათ შორის გაერთიანებული სამეფო, სპეციალურ ზომებს იღებს სამხრეთ აფრიკული შტამის ქვეყნებში გავრცელების საწინააღმდეგოდ, მათ შორის იგულუსხმება სამხრეთ აფრიკასთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა და ქვეყნიდან დაბრუნებული პირების სავალდებულო საკარანტინე სივრცეებში მოთავსება.

The Guardian-ის ინფორმაციით, ვირუსის აფრიკული შტამი შესაძლოა ვრცელდებოდეს ისეთ ქვეყნებშიც, სადაც ვირუსის გენეტიკაზე დაკვირვება, შესაბამისი ტექნიკური პირობების არ არსებობის გამო, ვერ ხორციელდება.

ბრაზილიური შტამი – უფრო რეზისტენტული

კორონავირუსის ბრაზილიურ ვარიანტს, რომელიც პირველად ბრაზილიის ჩრდილოეთში ქალაქ მანაუსში 2020 წლის დეკემბერში აღმოაჩინეს, გააჩნია სამი ძირითადი მუტაცია, რომელიც უმეტესწილად ემთხვევა სამხრეთ აფრიკული ვარიანტს.

მიუხედავად მუტაციისა, ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი, იწვევს თუ არა ბრაზილიური ვარიაცია დაავადების მიმდინარეობის უფრო მძიმე ფორმებს, ვიდრე ეს მანამდე არსებულ შემთხვევებში ხვდებოდა.

სამხრეთ აფრიკული შტამის მსგავსად, ვირუსის ბრაზილიური ვარიაციაც შეიცავს E484K მუტაციას, რაც ვირუსს ეხმარება, შეამციროს ორგანიზმის უნარი აღმოაჩინოს ანტისხეულები და ამ გზით “გვერდი აუაროს უკვე გამომუშავებულ იმუნურ სისტემას”.

BBC-ის Science Focus-ის ცნობით, მეცნიერები ამბობენ, რომ აუცილებელია რეინფიცირების შემთხვევების შესწავლა, რათა დადგინდეს ქმნის თუ არა ინფიცირების ერთი შემთხვევა იმუნიტეტს, რომელიც ბრაზილიური ვარიანტის წინააღმდეგაც იმუშავებდა.

ბრაზილიური შტამი ბრიტანული და სამხრეთ ამერიკული მუტაციებისგან განსხვავებით, შედარებით ნაკლებად შესწავლილია. ყველაზე დიდი საფრთხე, რაც ამ დროისთვის ვირუსის ბრაზილიურ მუტაციას უკავშირდება, არის ის, რომ, შეიძლება იგი მეტად მედეგი იყოს უკვე არსებული ვაქცინების წინააღმდეგ.

იგი უკვე გავრცელდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიასა და პორტუგალიაში.

რა იწვევს ვირუსის მუტაციას?

ვირუსები, ისევე როგორც სხვა ცოცხალი ორგანიზმები, ვითარდებიან და მრავლდებიან, რათა გადარჩნენ. მუტაცია არის უბრალო შეცდომა ვირუსის რეპლიკაციის [გადამრავლების] პროცესში, რაც ვირუსს აძლევს შანს ახალი ფორმით გავრცელდეს.

მუტაციები, როგორც წესი ვითარდება შემთხვევით. ზოგჯერ მუტაცია “ქმნის” ვირუსის შედარებით სუსტ ვერსიას. ხანდახან კი მუტაცია იმდენად მცირე ხასიათისაა, თითქმის არ ახდენს გავლენას ვირუსის “ბუნებაზე”.

არსებობს Covid-19-ის გამომწვევი ვირუსის SARS-Cov-2-ის უამრავი მუტაცია, რომელთაგან ზოგი უფრო საშიშია ადამიანისთვის, ზოგი კი შედარებით იოლ ფორმებში მიმდინარეობს.

კორონავირუსიც მსგავსად წითელასა და გრიპისა, რნმ-ვირუსია [რიბონუკლეინის მჟავა], რაც შესაძლებელს ხდის მუტაციასა და ცვლილებებს.

გაუმკლავდებიან თუ არა აქამდე შექმნილი ვაქცინები ახალ მუტაციებს? 

კორონავირუსის ვაქცინაზე მომუშავე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვირუსს ჯერ იმგვარი მუტაცია არ განუცდია, რის წინააღმდეგაც, შესაძლოა ვაქცინამ არ იმუშავოს.

ექსპერტების განცხადებით, საჭიროა ჯანმრთელი ადამიანების დროული ვაქცინაცია, რათა შემცირდეს კორონავირუსის ახალი ვარიაციების მუტაცია და გავრცელება.

კორონავირუსის კიდევ ერთ ვაქცინაზე მომუშავე კომპანიის “Johnson & Johnson”-ის წარმომადგენლები CNN-თან საუბრისას აცხადებენ, რომ “მსოფლიოს აუცილებლად სჭირდება აცრას რაც შეიძლება მეტი ადამიანი, რათა შეზღუდოს ახალი მუტაციების გავრცელება”.

“თუ ჩვენ კონტროლს ვერ დავამყარებთ პანდემიაზე, კორონავირუსის ახალი ნაირსახეობები განვითარდება, რაც გამოიწვევს კიდევ ახალ ვაქცინაციის პროგრამებს ყოველწლიურად. ჩვენი მისიაა ვირუსი ავიყვანოთ კონტროლზე, რათა მან ვერ შეძლოს მუტაცია, გაზრდა და ახალი ვარიაციების შექმნა”.

ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავარი სამედიცინო მრჩევლის, დოქტორ ენტონი ფაუჩის განცხადებით, “ხელისუფლებას თვალი ახალ მუტაციებზე უნდა ეჭიროს, რადგან შესაძლოა, ისინი გახდნენ სერიოზული პრობლემა”.

ფაუჩის განცხადებით ამის მიღწევა საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე დაწოლის შემცირებითა და ვაქცინაციის პროგრამის გაგრძელებითაა შესაძლებელი.

“ჩვენ, უნდა ვიყოთ მზად, რომ წინასწარ გვქონდეს ვაქცინის ვერსიები, რომლებიც კონკრეტულად იქნება მიმართული ნებისმიერი მუტაციის წინააღმდეგ, კონკრეტულ მოცემული დროის მონაკვეთში”, – განაცხადა ფაუჩიმ.


დღეისათვის მსოფლიოში კორონავირუსის 104 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა. გარდაიცვალა 2 მილიონ 263 ათასზე მეტი ადამიანი.

საქართველოში ვაქცინაციის დაწყებას თებერვლის ბოლოს ელოდებიან. ქვეყანა ვაქცინას კოვაქსის პლატფორმის გამოყენებით მიიღებს. მოსალოდნელია, რომ იმუნიზაცია Pfizer-ის მიერ შექმნილი ვაქცინით დაიწყება, თუმცა ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში არ იქნება მხოლოდ ერთი ვაქცინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი