ახალი ამბები

GWP-ს თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა

26 იანვარი, 2021 • 1105
GWP-ს თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა

წყალმომარაგების კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა.

გაფიცული თანამშრომლები შეკრებილნი არიან თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე მდებარე ოფისის წინ და მოითხოვენ ხელფასების მომატებას.

გაფიცულთა განცხადებით, ასევე არ აქვთ ჯანმრთელობის დაზღვევა და ვერ სარგებლობენ უფასო შვებულებით, მიუხედავად იმისა, რომ შრომის კოდექსით ეს გათვალისწინებულია.

GWP-ს თანამშრომლების ნაწილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია არ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს, მუშაობას არ გააგრძელებენ.

“ჩვენი საქმე არის შრომატევადი და შესაბამისი ანაზღაურება გვინდა. რა პასუხისმგებლობაც გვაქვს, შესაბამისად გადაგვიხადონ”, – განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა თანამშრომელმა TV პირველთან საუბრისას.

“გვითხრეს, თუ მუშაობა არ გინდათ, ეზოს გარეთ გადით, გამოგვყარეს. თუ თანხები აქვთ, ხელფასები მოგვიმატონ”, – აცხადებს კიდევ ერთი გაფიცული თანამშრომელი.

GWP-ის განცხადებით, გაფიცული თანამშრომლები არღვევენ მათთან დადებულ კონტრაქტებს.

“კომპანიის კონტრაქტორების ერთმა ნაწილმა ორი დღეა უარი განაცხადა სამუშაოს შესრულებაზე. მათი ვალდებულებები განსაზღვრულია კონკრეტული ხელშეკრულებით, რომლის პირობებსაც არღვევენ თავიანთი ქმედებებით. ერთი მხრივ, ისინი არ ასრულებენ მოვალეობებს, თანაც ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, მეორე მხრივ კი, სხვებსაც ხელს უშლიან სამუშაოს შესრულებაში, რითაც აფერხებენ კომპანიის მიმდინარე საქმიანობას” , – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიის განცხადებით, “მიუხედავად ამისა, მენეჯმენტი მაქსიმალურ ძალისხმევას იყენებს შექმნილი ვითარების განსამუხტად და პრობლემური საკითხების ოპტიმალური გზით გადასაწყვეტად”.

კომპანიის გაფიცული თანამშრომლები ტელეარხ “ფორმულასთან” საუბარში აცხადებენ, რომ მათ მიუვიდათ მოკლე ტექსტური წერილი, რომ “თუ არ შეწყვეტდნენ პროტესტს და არ გააგრძელებდნენ მუშაობას, ხვალიდან, 26 იანვრიდან შეუწყდებოდათ მათთან გაფორმებული კონტრაქტები”. თანამშრომლების განცხადებით, ისინი პროტესტის გაგრძელებასა და სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი