ახალი ამბები

კანადელი წყვილი სხვებისთვის განკუთვნილი ვაქცინის გაკეთებისთვის დააჯარიმეს

26 იანვარი, 2021 • 1339
კანადელი წყვილი სხვებისთვის განკუთვნილი ვაქცინის გაკეთებისთვის დააჯარიმეს

კანადაში კაზინოს ყოფილი მმართველი და მისი ცოლი მას შემდეგ დაჯარიმდნენ, რაც დაქირავებული კერძო თვითმფრინავით ალიასკასთან მდებარე პატარა დასახლებაში გადაფრინდნენ და ადგილობრივი, აბორიგენი მოწყვლადი ჯგუფებისთვის განკუთვნილი კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთეს. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.

გამოცემა შესაბამის უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ როდნი და ეკატერინა ბეიკერები დაქირავებული თვითმფრინავით ჩაფრინდნენ კანადაში, იუკონის ტერიტორიაზე, 100 ადამიანით დასახლებულ ადგილზე, სადაც მობილური ჯგუფი მოსახლეობას “მოდერნას” ვაქცინით ცრიდა, მათ შორის მოხუცებსაც.

მობილურ კლინიკაში მისვლისას ბეიკერებმა თავი ადგილობრივი სასტუმროს თანამშრომლებად გააცნეს, თუმცა მას შემდეგ, რაც წყვილმა აეროპორტში გამგზავრება ითხოვა და სასტუმრომაც არ დაადასტურა მათი ვინაობა, მობილური კლინიკის თანამშრომლებმა სააღსრულებო ოფიცრები გამოიძახეს.

შეტყობინების მიღების შემდეგ, ოფიცრებმა წყვილის მოძებნა სცადეს, თუმცა აღმოაჩინეს, რომ ტერიტორია უკვე დატოვებული ჰქონდათ და ვანკუვერში გასამგზავრებლად ემზადებოდნენ აეროპორტში.

ორივე მათგანი გასულ კვირას კანადის იუკონის ტერიტორიაზე საყოველთაო ჯანდაცვის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდა.

“მათ რისკის ქვეშ დააყენეს ჩვენი საზოგადოება და იზოლირებული ჯგუფი, ძალიან გაბრაზებული ვარ ამ საკითხზე”, – განაცხადა იუკონის სათემო მომსახურების მინისტრმა, ჯონ სტრეიცერმა CBC-სთან საუბრისას.

ბეიკერები საგანგებო ზომების შესახებ კანონის შესაბამისად დაჯარიმდნენ, რაც ითვალისწინებს მაქსიმუმ 500 კანადურ დოლარს და 75 კანადურ დოლარს დანამატის სახით, ასევე, 6 თვით თავისუფლების აღკვეთას, ან ორივეს.

იმ დაწესებულების დირექტორი, სადაც ადამიანებს ვაქცინაცია უტარდებოდათ, მიიჩნევს, რომ დასჯის ეს ფორმა ძალიან “რბილია” იმ “პოტენციური ლეტალური ეფექტის გათვალისწინებით”, რაც შეიძლება ამ ქმდებას მოჰყვეს.

როდნი ბეიკერმა “დიდი კანადური თამაშების კორპორაციის” ხელმძღვანელის თანამდებობა კვირას დატოვა. აღნიშნული დაწესებულება ქვეყნის მასშტაბით იპოდრომებისა და კაზინოებს მართავს. ბეიკერის წლიური შემოსავალი 2019 წელს 10.6 მილიონი კანადური დოლარი იყო.

მცირე მოსახლეობის და მკაცრი საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამო იუკონის ტერიტორიაზე ერთ სულ მოსახლეზე ვირუსის გაცილებით ნაკლები შემთხვევა ფიქსირდება, ვიდრე ქვეყნის სხვა რეგიონებში.

გარეკანის ფოტო: ეკატერინა ბეიკერის ფეისბუკიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი