ახალი ამბები

EU-მ შესაძლოა კორონავირუსის ვაქცინების ექსპორტის მექანიზმი გაამკაცროს| Guardian

26 იანვარი, 2021 • 869
EU-მ შესაძლოა კორონავირუსის ვაქცინების ექსპორტის მექანიზმი გაამკაცროს| Guardian

მას შემდეგ, რაც AstraZeneca დაადანაშაულეს, რომ ვერ შეძლო ვაქცინის წინასწარ შეთანხმებული დოზების მიწოდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის, ევროკავშირმა განაცხადა, რომ გააკონტროლებენ კორონავირუსის ვაქცინების ექსპორტს ბლოკს გარეთ მყოფ ქვეყნებში, მაგალითად, ისეთში, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

ევროკავშირის განცხადებით, ფარმაცევტული კომპანიის მიწოდების ახალი გეგმა არის “მიუღებელი”, მას შემდეგ, რაც მათ “მოულოდნელად” შეატყობინეს ევროკომისიას, რომ მოსალოდნელი იყო “მნიშიშვნელოვანი ხარვეზები [ვაქცინების მიწოდების] თავდაპირველ გეგმაში”.

ევროკომისიისა და წევრი სახელმწიფოების ინიციატივით, შეიქმნება ექსპორტის გამჭვირვალობის კონტროლის მექანიზმი, რა დროსაც ვაქცინის ექსპორტისთვის, შესაძლოა, ბრიუსელის ნებართვა გახდეს საჭირო.

კომპანიასთან დადებული შეთანხმების მიხედვით, 2021 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირი ელოდება კორონავირუსის ვაქცინის 100 მილიონ დოზას, თუმცა გავრცელებული განცხადების შემდეგ ბრიუსელში შიშობენ, რომ მხოლოდ შეთანხმებული დოზის ნახევარს მიიღებენ, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა შესყიდვების დიდი ნაწილი მანამდე განახორციელა, ვიდრე ევროპული წამლის სააგენტო დაიწყებდა ვაქცინის ავტორიზაციის პროცესს.

სატელეფონო ზარი შედგა ასტრაზენეკას აღმასრულებელ დირექტორ, პასკალ სორიოსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ვონ დერ ლაიენთან. ევროკომისიის ცნობით, ვონ დერ ლაიენმა “ნათლად განმარტა, რომ ევროკავშირი კომპანიისგან მოელის, რომ შეასრულებს წინასწარი შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს”.

“მან ასევე შეახსენა სორიოს, რომ ევროკავშირმა განახორციელა მნიშვნელოვანი ინვესტიციები კომპანიაში სწორედ იმიტომ, რომ კომპანიას წარმოება გაეზარდა და ეს მოხდა მანამ, სანამ ევროპის წამლის სააგენტო გასცემდა ბაზრის პირობით ავტორიზაციას. რა თქმა უნდა, წარმოების პრობლემები შეიძლება შეიქმნას, მაგრამ ჩვენ მოველით, რომ კომპანია იპოვის გამოსავალს და გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას, რათა სწრაფად მოგვაწოდოს ვაქცინა”, – განაცხადა ურსულა ვონ დერ ლაიენის პრესსპიკერმა გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ.

ევროკავშირის ჯანდაცვის კომისარი, სტელა კირიაკიდისი არ მალავს, რომ იმედგაცრუებულია ასტრაზენეკას მუშაობით. მისი თქმით, “კომპანიასთან მოლაპარაკებები, რომელიც ორშაბათს გაიმართა, დასრულდა ნაკლებად გასაგები შედეგითა და ბუნდოვანი ახსნა-განმარტებებით”.

“ევორკავშირის წევრი ქვეყნები არიან გაერთიანებულნი. ვაქცინის შემქნელებს უნდა ჰქონდეთ საზოგადოებრივი და პროფესიული პასუხისმგებლობები, რომელთაც დაცვა სჭირდება. ჩვენ მოვითხოვეთ დეტალური გეგმა, თუ კონკრეტულად როდის მიეწოდება წევრ სახელმწიფოებს ვაქცინა. კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება ოთხშაბათს”, – განაცხადა სტელა კირიაკიდისმა.

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ვაქცინაციის პროცესი შედარებით დაბალი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

The Guardian-ის ცნობით, კვლევითი ორგანიზაცია Airfinity-ის მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში ყოველ 100 მოსახლეზე უკვე გამოიყენეს ვაქცინის 10 დოზა, მაშინ როდესაც ეს რიცხვი ევროკავშირში მხოლოდ 2-ია ყოველ 100 მცხოვრებზე.

კირიაკიდისის განცხადებით, ბრიუსელი ახლა “დაჟინებით მოითხოვს, ეცნობოს ვაქცინის ნებისმიერი ექსპორტის შესახებ, მათ შორის Pfizer-ის ვაქცინის ექსპორტის შესახებაც”. Pfizer-ის ვაქცინის მისაღებად გაერთიანებული სამეფო ეყრდნობა ევროპულ ლაბორატორიებს.

მისივე თქმით, ევროკომისიამ წევრ სახელმწიფოებს შესთავაზა “ექსპორტის გამჭვირვალობის მექანიზმი”, რასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები დაეთანხმნენ. “მექანიზმი ამოქმედდება მაშინვე, როგორც კი შესაძლებელი გახდება”.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა მხარი დაუჭირა ევროკომისიის წინადადებას. “ჩვენ, ევროკავშირმა, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, როგორ და რა ვაქცინები გადის ევროკავშირიდან. მხოლოდ ასე შეგვეძლება გავიგოთ, რამდენად სამართლიანად სრულდება ჩვენ მიერ დადებული კონტრაქტები. ვაქცინის ექსპორტისთვის ნებართვის მიღების ვალდებულება მნიშნველოვანია”, – განაცხადა მან.


საბოლოო ჯამში, ევროკავშირმა 2.7 მილიარდი ევრო დახარჯა სხვადასხვა ვაქცინის შექმნისთვის.

წინასწარი შესყიდვის შეთანხმებით, ევროკავშირი ვაქცინის ერთ დოზაში 1.78 ევროს გადაიხდის.

ფარმაცევტულმა კომპანია AstraZeneca-მ და ოქსფორდის უნივერსიტეტმა ერთობლივად შექმნეს ვაქცინა, რომელიც ერთ-ერთი დოზირების დროს, 90 პროცენტით ეფექტურია კორონავირუსით ინფიცირების წინააღმდეგ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი