ახალი ამბები

ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს

25 იანვარი, 2021 • 1472
ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ინფორმაციით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე ლავრენტი გოგსაძე დააკავეს.

საუბარია გასული წლის აპრილში გამოცხადებულ ტენდერზე, სადაც გამარჯვებულ კომპანიას ჩუღურეთის რაიონში, არაგვისპირელის ქ. N32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი უნდა გაემაგრებინა.

გამოძიების ვერსიით, ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილემ, ლავრენტი გოგსაძემ, გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, დაიბარა ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი შპს-ს წარმომადგენელი და განუცხადა, რომ ტენდერი უნდა მოეგო მისთვის სასურველ კომპანიას. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, სუს-ის ინფორმაციით, გამგებლის მოადგილე კომპანიას პრობლემების შექმნით დაემუქრა.

“გამოძიებით დგინდება, რომ ჩუღურეთის რაიონში, არაგვისპირელის ქ. N32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოების შესახებ, 2020 წლის 30 აპრილს, გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი, ღირებულებით 126 572 ლარი, რომელშიც მონაწილეობის სურვილი დააფიქსირა ორმა კომპანიამ.

ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილემ, როგორც სატენდერო კომისიის პასუხისმგებელმა პირმა, გადაამეტა რა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, 2020 წლის 29 მაისს სამუშაო კაბინეტში დაიბარა ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი შპს-ს წარმომადგენელი და განუცხადა, რომ ხსენებული ტენდერი უნდა მოეგო მისთვის სასურველ კომპანიას და აქედან გამომდინარე შესყიდვაში არ მიეღო მონაწილოება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა სამუშაოების წარმოებისას პრობლემების შექმნით. სანაცვლოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების დარღვევით, შესთავაზა სამომავლოდ გამოსაცხადებელი ტენდერების პირობების მასზე მორგება”, – წერია სუს-ის განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობითვე, გამგებლის მოადგილის მხრიდან ზეწოლის მიუხედავად, კომპანიამ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მონაწილეობა მიიღო ტენდერში და ყველაზე დაბალი ფასით გაიმარჯვა. ამის გამო ბრალდებული, გამოძიების ვერსიით, კომპანიას პრობლემებს უქმნიდა.

“მიუხედავად იმისა, რომ ის ქვემდგომი პირების მხრიდან ინფორმირებული იყო სამუშაოთა უხარვეზოდ შესრულებასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც ხელშეკრულება ითვალისწინებდა შესრულებული სამუშაოების ეტაპობრივად ჩაბარებასა და ანგარიშსწორებას, თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, არამართლზომიერ ზეგავლენას ახდენდა სამუშაოების ზედამხედველზე და უფლებას არ აძლევდა ჩაებარებინა შესრულებული სამუშაოები. ხსენებული ქმედების შედეგად, სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას ხელოვნურად შეექმნა პრობლემები და საბოლოოდ შეუწყდა ხელშეკრულება”,-აცხადებენ სუს-ში.

მათივე ინფორმაციით, ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის ქმედების შედეგად კომპანიამ ვერ შეძლო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გაგრძელება და დღემდე არ განხორციელებულა საცხოვრებელი სახლის გამაგრებითი სამუშაოები, რითიც დაირღვა როგორც ადგილობრივ მაცხოვრებელთა, ასევე სამუშაოების მწარმოებელი კომპანიისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი