ახალი ამბები

სუს-ს რომ ეთქვა, ბომბი მანქანაში უნდა ჩადონო, მაშინ მანქანებს ავკრძალავდით – რაქვიაშვილი

4 ოქტომბერი, 2023 • 932
სუს-ს რომ ეთქვა, ბომბი მანქანაში უნდა ჩადონო, მაშინ მანქანებს ავკრძალავდით – რაქვიაშვილი

„სუს-ს რომ ეთქვა, ბომბი მანქანაში უნდა ჩადონო, მაშინ მანქანებს ავკრძალავდით?!“ – ამ კითხვით მიმართა „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა „ქართული ოცნების“ წევრებს პარლამენტში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვისას.

რაქვიაშვილის თქმით, აღნიშნული ცვლილებები კომიკურია და თუ ქვეყანაში ტერორისტული აქტი მზადდება, მაშინ სუს-მა ტერორისტი უნდა დაიჭიროს.

„სუს-მა თქვა, რომ რევოლუცია ხდებაო და თან კარვებში ბომბს ჩადებენ და კარავს ააფეთქებენო. იმის ნაცვლად, რომ ამ განცხადების გამო სუსი დაიცინოს და უმრავლესობაში გაჩნდეს ეჭვი, რომ „თქვენ, ხალხო, რას აკეთებთ, წადით საქმეს მიხედეთ, ჯაშუშები დაიჭირეთ და რაღაც“, კანონს ცვლით, დაჩქარებული წესით კარვებს კრძალავთ. სუს-ს რომ ეთქვა, ბომბი მანქანაში უნდა ჩადონო, მაშინ მანქანებს ავკრძალავდით?! კომიკური სიტუაციაა. სუფთა სამართლიანობის კუთხით ვისი რა საქმეა, დავდგამ კარავს თუ არა?!

მით უმეტეს, თუ სუსი ამბობს, რომ ტერორისტული აქტი მზადდება, დაიჭირეთ ის ტერორისტი. თუ ტერორისტს ვერ იჭერთ და კარვებს კრძალავთ, ეს ვისი პრობლემაა – სუს-ის, თქვენი თუ საზოგადოების? მოდით, საზოგადოების პრობლემა არ შევქმნათ. ეს კომიკური სიტუაცია უბრალოდ კომიკურ სიტუაციად დავტოვოთ, გაუგებრობა დავარქვათ, სუს-ის ხელმძღვანელობა გადავაყენოთ და ისეთი ხალხი ავირჩიოთ, ვინც მართლა საქმეს მიხედავს და ამ რაღაცებით არ ვიქნებით დაკავებული“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.


„ქართული ოცნება“ ამკაცრებს კანონს შეკრების და მანიფესტაციისას დროებითი კონსტრუქციის მოწყობის შესახებ.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მმართველი პარტიის დეპუტატებმა პარლამენტში უკვე დააინიცირეს.  ავტორები კანონის გამკაცრების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებენ, რომლის მიხედვითაც ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „დესტაბილიზაციის მოწყობა“ იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი