ახალი ამბები

გამყრელიძე: 29-ში გადაწყდება პირველ ეტაპზე Pfizer-ის ლიმიტირებულ ოდენობას თუ მივიღებთ

23 იანვარი, 2021 • 1547
გამყრელიძე: 29-ში გადაწყდება პირველ ეტაპზე Pfizer-ის ლიმიტირებულ ოდენობას თუ მივიღებთ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ 29 იანვარს გახდება ცნობილი მიიღებს თუ არა საქართველო COVAX პლატფორმის მეშვეობით Pfizer-ის ვაქცინის ლიმიტირებულ ოდენობას სამედიცინო პერსონალის ასაცრელად.

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო ყველა იმ მოთხოვნას აკმაყოფილებს, რომელიც ვაქცინის მისაღებადაა საჭირო და ახლა COVAX-სგან პასუხს ელოდება:

“29 იანვარს გადაწყდება ჩვენ პირველ ეტაპზე მივიღებთ თუ არა ძალიან ლიმიტირებულ რაოდენობას Pfizer-ის ვაქცინის. დაახლოებით 40 მილიონი დოზა მსოფლიოს ქვეყნებს და განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებს, რომლებშიც ჩვენ შევდივართ, Pfizer-მა მისცა ექიმების და სამედიცინო პერსონალის ასაცრელად. ახლა 29 ში იხილება, სახელმწიფოს მომართა COVAX პლატფორმამ, რამოდენიმე პირობა იყო იქ დასაკმაყოფილებელი.

ამ პირობებს ჩვენ ვაკმაყოფილებთ და პასუხი გავგზავნეთ. 29-ში მიიღებენ გადაწყვეტილებას. ევროპის ყველა ქვეყანას ვერ აძლევენ და აქედან გამომდინარე, შეარჩევენ იმის მიხედვით, თუ ვინ აკმაყოფილებს” – თქვა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში “რეალური სივრცე”.

მისი თქმით, საქართველოში ვაქცინის შესანახად საჭირო მაცივრები უკვე გამოძებნილია და მეტიც, ერთდროულად 300 000 დოზა ვაქცინის დასაწყობება არის შესაძლებელი:

“Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინების პირობებია რომ -70 და -20 გრადუსზე ინახებიან. -70 უჩვეულოა და ამისთვის მზადება იყო საჭირო მაგრამ ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრს -80 იანი მაცივრები დაახლოებით 50 მდე გვაქვს სხვადასხვა ლაბორატორიული კვლევებისთვის ამიტომ, ჩვენ გამოვათავისუფლეთ და გვაქვს 5-6 მაცივარი თბილისში, 2 მაცივარი ქუთაისში ქუთაისში და 2 ბათუმში ამ მიზნით მზად. ისენი შემოწმებულია, შეფასებულია. ჩვენ ერთროულად შეგვიძლია Pfizer-ის 300 000 ვაქცინის დასაწყობება.

ასევე პირობაა, რომ გამოიღებ ამ ვაქცინას, 5 დღე შეგიძლია ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე შეინახო. ამიტომ, იმდენი უნდა გამოიღო, რამდენის აცრასაც გეგმავ” – ამბობს ამირან გამყრელიძე და აღნიშნავს, რომ ვაქცინის შესაბამისი პირობებით საქართველოში ტრანსპორტირებას თავად COVAX პლატფორმა უზრუნველყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი