ახალი ამბები

პენიტენციური: გლდანის ციხეში COVID-19 სამ პატიმარს დაუდასტურდა, ქუთაისში – ოთხს

23 იანვარი, 2021 • 995
პენიტენციური: გლდანის ციხეში COVID-19 სამ პატიმარს დაუდასტურდა, ქუთაისში – ოთხს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, უწყება პატიმრების PCR ტესტირებას ატარებს და ამჯერად ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს N8 (გლდანის) პენიტენციურ დაწესებულებაში.

პენიტენციურის განცხადებით, აღნიშნული დაწესებულება დიდი ზომისაა, ამ ეტაპისთვის ტესტირება ჩატარდა N8 დაწესებულების ნაწილში, პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს და ორ დღეში დასრულდება.

უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის გლდანის ციხეში ჩატარებული 791 ტესტიდან, ახალი კორონავირუსი 3 მსჯავრდებულს დაუდასტურდა და ყველა მათგანი სამოქალაქო სექტორის კლინიკაშია გადაყვანილი:

“ინფიცირებული პირებიდან ორი ერთ საკანში მყოფი პატიმარი იყო, ხოლო ერთი – სხვა საკანში იმყოფებოდა. სამივე ინფიცირებული პირი სამოქალაქო სექტორის კლინიკაშია გადაყვანილი. ისინი არიან ე.წ. უსიმპტომო პაციენტები და სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ხოლო მათი თანამესაკნეები დაწესებულების საკარანტინო სივრცეში, იზოლაციაში არიან მოთავსებულები. ისინი ყოველ 72 საათში სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმდებიან, ხოლო ორ კვირაში კვლავ გაივლიან PCR ტესტირებას” – აცხადებენ უწყებაში.

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, პარალელურად ინტენსიური PCR ტესტირება ორ ეტაპად ჩატარდა N15 (ქსნის) პენიტენციურ დაწესებულებაშიც და საზოგადოებას ინფორმაცია ტესტირების შედეგების სრულად მიღების შემდეგ მიეწოდება.

უწყებაში აცხადებენ, რომ გუშინ, 22 იანვარს covid-19 დაუდასტურდა N2 (ქუთაისის) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ოთხ პატიმარსაც, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა 12 იანვარს კოვიდდადასტურებულ პირთან და რომლებიც როგორც ინფიცირებული პირის კონტაქტები 12 იანვრიდან იზოლაციაში იმყოფებიან დაწესებულების საკარანტინო სივრცეში.

პენიტენციურის თქმით, ისინი არიან ე.წ. უსიმპტომო პაციენტები, მათი მდგომარეობა სტაბილურია და იმყოფებიან მედპერსონალის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ.

მასალების გადაბეჭდვის წესი