ახალი ამბები

საბავშვო ბაღებისა და სკოლის მოსწავლეთა მშობლები აქციას გამართავენ

22 იანვარი, 2021 • 1737
საბავშვო ბაღებისა და სკოლის მოსწავლეთა მშობლები აქციას გამართავენ

საბავშვო ბაღების, სკოლებისა და სხვა საგანმანათლებლო თუ სააღმზრდელო დაწესებულებების მოსწავლეთა მშობლების ნაწილი საპროტესტო აქციას კვირას თბილისში, მზიურის პარკში გამართავს.

“უკვე მესამე სასწავლო სემესტრია სკოლაში სწავლა მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში. ონლაინ ვერ ფუნქციონირებს ბაღები და ინტერნეტთან წვდომის არქონის გამო ათასობით ბავშვი მოკლებულია განათლების მიღების შესაძლებლობას. დიდი ქალაქებს მიღმა, სადაც აღდგა სასწავლო პროცესი, დაცული არ არის ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმები, რის გამოც იზრდება ბავშვების კოვიდ-19-ით ინფიცირების რისკები”, – ნათქვამია მშობელთა ნაწილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე განცხადებით, მოსწავლეთა მშობლებს გააზრებული აქვთ პანდემიისგან გამოწვეული საფრთხეები, თუმცა მაინც მიუღებლად მიაჩნიათ სასწავლო დაწესებულებების ხანგრძლივი დახურვა, მათი გახსნის გეგმის არარსებობის პირობებში.

“მშობლებს გააზრებული გვაქვს პანდემიის საფრთხეები და ის რისკები, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებების ამუშავებას, მობილობის გაზრდას ახლავს თან. თუმცა, ვეყრდნობით რა UNICEF-სა და სპეციალისტების დასკვნებს, მიუღებლად მიგვაჩნია ბაღებისა და სკოლების, ასევე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა საგანმანათლებლო დაწესებულებების ასეთი ხანგრძლივი ვადით, ნათელი და თანმიმდევრული გეგმის გარეშე დახურვა”, – ამბობენ ისინი საკუთარ განცხადებაში.

მათი განცხადებით, ისინი ითხოვენ გეგმას, “რომელიც მაქსიმალურად მოემსახურება ბავშვების საუკეთესო ინტერესს, გაითვალისწინებს მშობლებისა და პედაგოგების მდგომარეობას და არ დატოვებს განათლების, ზრუნვისა და განვითარების სერვისების მიღმა მოსწავლეებს”.


დღეს 22 იანვარს, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ იგეგმება ქვეყანაში დაწესებული რიგი შეზღუდვების შემსუბუქება მომდევნო თვეების განმავლობაში.

მთავრობის გეგმის მიხედვით, თბილისში სწავლო სკოლებში პირველი მარტიდან აღდგება.

სხვა ცვლილებების შესახებ ინფორმაციისთვის, ეწვეით ნეტგაზეთის მასალას:

რა შეზღუდვები იხსნება და რჩება თებერვალ-მარტში

მასალების გადაბეჭდვის წესი