ახალი ამბები

“პოლიტპატიმრების თემაზე მოკლედ მოვუჭერით და საერთოდ არ ველაპარაკეთ” — მდინარაძე “მოქალაქეებზე”

22 იანვარი, 2021 • 1137
“პოლიტპატიმრების თემაზე მოკლედ მოვუჭერით და საერთოდ არ ველაპარაკეთ” — მდინარაძე “მოქალაქეებზე”

ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პარტია “მოქალაქეების” ლიდერებს, ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს პოლიტპატიმრების თემაზე საერთოდ არ ელაპარაკნენ.

ამის შესახებ მდინარაძემ “მოქალაქეებისა”  და “ქართული ოცნების” ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“პირდაპირ გეტყვით, პოლიტპატიმრების თემაზე მოკლედ მოვუჭერით და საერთოდ არ ველაპარაკეთ. აი, პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მოგიყვებით, რომ  პოლიტპატიმრების საკითხის შემობრუნება სცადეს ორჯერ თუ სამჯერ, ჩვენ მათ ამ თემაზე არ ვესაუბრეთ. პარლამენტი ის ადგილი არ არის, სადაც პატიმრებზე და მათ გათავისუფლებაზე უნდა ვილაპარაკოთ და არც პოლიტპატიმარია ის სიტყვა, რომელიც დღევანდელ მოცემულობასთან რელევანტურია. მთელი პასუხისმგებლობით გიცხადებთ, რომ ასეთი საქართველოში არ არსებობს”, — განაცხადა მდინარაძემ.

დღეს, 22 იანვარს, პარტია “მოქალაქეების” ლიდერები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შეხვედნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ისინი აცხადებენ, რომ რიგ საკითხებზე მათი პოზიციები ერთმანეთს დაემთხვა, ნაწილზე კი შეხვედრები გაგრძელდება.

ალეკო ელისშვილმა განაცხადა, რომ იმ ადამიანების გათავისუფლება, რომელთაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მიიჩნევს, მისთვის პრინციპულია. მისი თქმით, გიორგი რურუას, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლების შესახებ მოთხოვნა კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება, რამდენადაც მმართველი გუნდი არ აღიარებს, რომ ეს პირები პოლიტიკური პატიმრები არიან.

“რა თქმა უნდა, ყველაზე მძიმე საკითხი იყო პოლიტპატიმრების საკითხი. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ მეც და ლევანიც ამ საკითხს არაერთხელ დავუბრუნდით, ძალიან პრინციპულად ვსვამდით, თუმცა, რა თქმა უნდა, ასევე, ცნობილია, რომ “ქართული ოცნება” უბრალოდ არც აღიარებს პოლიტპატიმრების არსებობას”, – ამბობს ალეკო ელისაშვილი.

ლევან იოსელიანი კი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები “ოცნებასთან” გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი