ახალი ამბები

ვოლსკის თქმით, “ოცნება” ელისაშვილთან შესახვედრად მზადაა

21 იანვარი, 2021 • 755
ვოლსკის თქმით, “ოცნება” ელისაშვილთან შესახვედრად მზადაა

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ მმართველი პარტია მზადაა, მიიღოს ალეკო ელისაშვილის წინადადება და მასთან შეხვედრა გამართოს.

ვოლსკი ელისაშვილის განცხადებას “სახელმწიფოებრივად” აფასებს და გამოთქვამს მზადყოფნას “ქართული ოცნების” სხვა ოპონენტებთან შესახვედრადაც.

“ჩემი პოლიტიკური განსხვავების თუ ანტიპათიის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ ალეკო ელისაშვილის პოზიცია სახელმწიფოებრივია და უპირისპირდება იმ პოზიციას, რომელიც გააჩნია არა მხოლოდ სააკაშვილს, არამედ საქართველოსთვის არაკეთილმოსურნე მხარეს, რომელსაც დესტაბვილიზაცია მიაჩნია თავისი სტრატეგიის მთავარ ამოცანად საქართველოში.

არის რამდენიმე მთავარი საკითხი, რისთვისაც მზად ვართ არა მხოლოდ ალეკო ელისაშვილს, ნებისმიერ ოპონენტს ვესაუბროთ. საჯაროდ ვამბობ, რომ მზად ვართ მასთან შეხვედრისათვის”, – ამბობს ვოლსკი.

პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა დღეს, 21 იანვარს განაცხადა, რომ ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებების პროცესი დაასრულდა და მზად არიან “ქართულ ოცნებასთან” შესახვედრად.

როგორც ელისაშვილი Facebook-ზე წერს, მმართველ პარტიასთან პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე აპირებს საუბარს და იმის გაგებას, არის თუ არა მზად ელჩების მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებებისას შეთანხმებული პირობების შესრულებაზე:

“ოფიციალურად და საჯაროდ მინდა ჩემი და ჩვენი პარტიის “მოქალაქეების” სახელით განვაცხადო: ჩვენ დავასრულეთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც. ის საკითხი, რომ თითქოს ვინმემ საიდანღაც გაგვრიცხა, არის უბრალოდ ღიმილისმომგვრელი.

ჩვენ ვინმეს საბავშვო ბაღში არ მივსულვართ, რომ გაგვრიცხონ. ჩვენ ვართ ხალხის და ჩვენი მხარდამჭერების წინაშე ანგარიშვალდებული და მხოლოდ მათზე დამოკიდებუილი, სად ვიქნებით ჩვენ პოლიტიკურ სივრცეში. ასევე მინდა ოფიციალურად, პარტიის სახელით მივმართო “ქართულ ოცნებას” – ჩვენ: მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ საჯაროდ შეგხვდეთ და დავილაპარაკოთ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე.

ჩვენ გვაინტერესებს, ხართ თუ არა მზად შეასრულოთ შუამავალი ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკების რაუნდებისას შეთანხმებული პუნქტები? თქვენგან ველით პასუხს ასევე საჯაროდ და ოფიციალურად”, – აცხადებს ელისაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი