ნეტგაზეთი | მადლობა იუსტიციის სამინისტროსა და წულუკიანს – ზურაბიშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე მადლობა იუსტიციის სამინისტროსა და წულუკიანს – ზურაბიშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე – Netgazeti
RU | GE  

მადლობა იუსტიციის სამინისტროსა და წულუკიანს – ზურაბიშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის ომზე სტრასბურგის სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის იუსტიციის სამინისტროსა და ყოფილ მინისტრ თეა წულუკიანს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნათა ნაწილს, რომლის თანახმად რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

„მნიშვნელოვანია, რომ სწორედ დღეს მიიღო სტრასბურგმა ეს გადაწყვეტილება. შემთხვევით არაფერი ხდება – ეს გადაწყვეტილება მიიღეს ჩვენი ოკუპაციის 100 წლისთავზე, 30 წლის შემდეგ, რაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ხოლო 2008 წლის ომის შემდეგ გავიდა 12 წელი.

პირველად ისტორიაში ხდება ის, რომ საქართველო სამართლებრივად არის გამართლებული და აღიარებული, როგორც ამ ომის მსხვერპლი. ეს დიდი მიღწევაა ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის და მომავლისთვის, ვინაიდან ეს ის საყრდენია, რაზეც ჩვენ ჩვენი მომავალი უნდა ავაშენოთ.

მინდა დიდი მადლობა ვუთხრა იუსტიციის სამინისტროსა და თეა წულუკიანს, რამეთუ ძალიან დიდი წვლილი მათ ეკუთვნით ამ გამარჯვებაში. ეს არის მთელი საქართველოს გამარჯვება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მადლობის თქმა“, – აცხადებს ზურაბიშვილი.


აგვისტოს ომის საქმე მეორე სახელმწიფოთაშორისი დავაა, რომელიც საქართველოს აქვს რუსეთთან სტრასბურგის სასამართლოში.  პირველი დავა, რომელიც 2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივ დეპორტაციას ეხებოდა, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის და რუსეთს დაკისრებული კომპენსაცია ამ დრომდე არ გადაუხდია. რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიება მიმდინარეობს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოშიც.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან