ახალი ამბები

ბაიდენი დღეს ფიცს დადებს — რა უნდა ვიცოდეთ აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე

20 იანვარი, 2021 • 1432
ბაიდენი დღეს ფიცს დადებს — რა უნდა ვიცოდეთ აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე

20 იანვარს აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და 49-ე ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ინაუგურაცია გაიმართება.

აშშ-ის ისტორიაში პრეზიდენტის ინაუგურაცია ყოველთვის ერთნაირი არ ყოფილა. მართალია, უმრავლესობა ჩვეულებრივ რეჟიმში და განრიგში ტარდებოდა, თუმცა იყო შემთხვევები, როცა ინაუგურაცია თვითმფრინავში გაიმართა. იყო შემთხვევა, როცა ინაუგურაციამ ირიბად ახალი პრეზიდენტიც კი იმსხვერპლა.

კამალა ჰარისი და ჯო ბაიდენი. ფოტო: EPA-EFE/JIM LO SCALZO

ბაიდენი-ჰარისის ინაუგურაცია განსხვავებული იქნება, უპირველეს ყოვლისა, კორონავირუსის პანდემიის გამო. მიწვეული სტუმრების გარდა, მას საკმაოდ მცირე რაოდენობის მაყურებელი დაესწრება. როგორც „ენ ბი სი“ წერს, თავად ბაიდენს იმედი აქვს, რომ მოქალაქეები მის ინაუგურაციას „თვალს სავარძლიდან მიადევნებენ“. ამასთან ერთად, ეს ინაუგურაცია სხვა მხრივაც ისტორიულია — ბაიდენი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი იქნება, ხოლო კამალა ჰარისი — პირველი ქალი, პირველი ფერადკანიანი და პირველი აზიური წარმომავლობის მქონე ვიცე-პრეზიდენტი ისტორიაში.

კამალა ჰარისი. ფოტო: EPA-EFE/Alyssa Pointer / POOL

ინაუგურაციის განრიგი

როგორც გამოცემა „დენვერ პოსტი“ იუწყება, განრიგი შემდეგია [თბილისის დროით]:

  • 18:45 — ბაიდენი და ჰარისი დაესწრებიან მსახურებას წმინდა მოციქულისა და მახარებელი მათეს სახელობის საკათედრო ტაძარში. მათთან ერთად იქნებიან მეუღლეები — ჯილ ბაიდენი და დაგლას ემჰოფი.
  • 19:30 — ბაიდენი უნდა მივიდეს კაპიტოლიუმის შენობაში.
  • 20:15 — დაიწყება ფიცის დადების ცერემონია.
  • 21:00 — ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი ფიცს დადებენ, რის შემდეგაც ბაიდენი სიტყვით გამოვა.
  • 22:40 — პრეზიდენტი ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი სამხედრო ბრიფინგს დაესწრებიან.
  • 23:25 — ბაიდენი, პირველი ლედი, ჰარისი და მეორე ჯენტლმენი პატივს მიაგებენ უცნობი ჯარისკაცის საფლავს არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე.
  • 00:15 — პრეზიდენტი ბაიდენი თეთრ სახლში მივა.
  • 02:15 — ბაიდენი ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებებს.
რა არის პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანება
აღმასრულებელი ბრძანება არის აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გამოცემული დირექტივა, რომელიც წარმართავს ფედერალური ხელისუფლების საქმიანობას.

მისი სამართლებრივი ან საკონსტიტუციო ბაზისი არის აშშ-ის კონსტიტუციის მეორე თავი, რომელიც აძლევს პრეზიდენტს ფართო აღმასრულებელ ძალაუფლებას, დაადგინოს, თუ როგორ უნდა განკარგოს ხელისუფლების აღმასრულებელმა შტომ თავისი უფლებამოსილება.

მსგავსად სხვა აქტებისა, პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანებებიც შეიძლება გადაიხედოს სასამართლოს მიერ და შეიძლება გაუქმდეს, თუ სასამართლომ დაადგინა, რომ ის კონსტიტუციას არ შეესაბამება (რაც უკვე არაერთხელ მოხდა ტრამპისა და სხვა პრეზიდენტების ბრძანებების შემთხვევაში).

პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანება გამოსვლიდანვე შედის ძალაში და აქტიურია, სანამ არ გაუქმდება, არ გაუვა ვადა ან არაკანონიერად არ გამოცხადდება. პრეზიდენტს აქვს უფლება, შეასწოროს ან გააუქმოს თავისი თუ წინამორბედის ბრძანება.

  • 02:45 — ბაიდენი ჩაიბარებს ფიცს მის მიერ დანიშნული თანამდებობის პირებისგან. ცერემონია ვირტუალურად გაიმართება.
  • 05:48 — დაიწყება „ამერიკის ზეიმობის“ საინაუგურაციო პროგრამა.
  • 05:55 — პრეზიდენტი და პირველი ლედი თეთრი სახლის ლურჯი ოთახის აივანზე გამოვლენ.

ფიცის დადების პროცედურას 12 საათამდე წინ უძღვის სხვადასხვა ღონისძიება. თავდაპირველად, როგორც „ენ ბი სი“ იტყობინება, ლოცვას აღავლენს მღვდელი ლეო დონოვანი, ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი და ბაიდენის ოჯახის ახლო მეგობარი.

შემდეგ აშშ-ის დროშის ერთგულების ფიცს წარმოსთქვამს ანდრეა ჰოლი, ჯორჯიის შტატის საუთ ფალტონის სახანძრო დეპარტამენტის პირველი შავკანიანი ქალი ხელმძღვანელი.

ამ ფიცის შემდეგ აშშ-ის ეროვნულ ჰიმნს ცნობილი მომღერალი ლედი გაგა შეასრულებს. შემდეგ, ამანდა გორმანი წაიკითხავს სპეციალურად ინაუგურაციისთვის დაწერილ ლექსს — „გორაკი, რომელზეც ავდივართ“ [ინგლ. The Hill We Climb].

ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრებიან ყოფილი პრეზიდენტები — ჯორჯ უოკერ ბუში [უმცროსი], ბარაკ ობამა და ბილ კლინტონი. ჯიმი კარტერი და მისი მეუღლე ინაუგურაციაზე არ იქნებიან, თუმცა „საუკეთესო სურვილებს“ აგზავნიან. 90 წელს გადაცილებული ყოფილი პრეზიდენტი და პირველი ლედი პანდემიის გამო მოგზაურობას ერიდებიან. დასწრებას არც ბაიდენის წინამორბედი, დონალდ ტრამპი აპირებს.

ფიცის დადება

ჯო ბაიდენი ადგილობრივი დროით 12 საათზე დადებს ფიცს. იქამდე, ფიცს დადებს ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი. ფიცს მათგან უზენაესი სასამართლოს ორი წევრი ჩაიბარებს. ბაიდენის შემთხვევაში ეს თავმჯდომარე ჯონ რობერტსი იქნება [მისთვის ეს უკვე მეოთხე ინაუგურაცია იქნება — რედ.], ხოლო ჰარისის ფიცს — სონია სოტომაიორი, პირველი ლათინოამერიკელი მოსამართლე უზენაეს სასამართლოში.

კაპიტოლიუმი, სადაც ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი ფიცს დადებენ. ფოტო: EPA-EFE/CAROLINE BREHMAN / POOL

პრეზიდენტის ფიცი ასეთია: „მე, [ამ შემთხვევაში — ჯოზეფ რობინეტ ბაიდენი] საზეიმოდ ვფიცავ, რომ კეთილსინდისიერად შევასრულებ აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობებს და გავაკეთებ ყველაფერს, რაც კი შემიძლია, აშშ-ის კონსტიტუციის დაცვისთვისა და მხარდაჭერისთვის“. როგორც წესი, ფიცის ბოლოს პრეზიდენტები წარმოსთქვამენ ფრაზას „დაე, დამეხმაროს ღმერთი“ [ინგლ. So Help Me God]. თავდაპირველად ეს აშშ-ის პირველმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ვაშინგტონმა გააკეთა, თუმცა კონსტიტუციაში ეს ფრაზა გაწერილი არაა და მისი თქმა-ართქმა კონკრეტული პრეზიდენტის გადასაწყვეტია. ფიცის დადების შემდეგ დაუკრავენ აშშ-ის პრეზიდენტის ჰიმნს — „მისალმება მთავარსარდალს“ [Hail to the Chief]. ამის შემდეგ პრეზიდენტი სიტყვით გამოდის. როგორც ამერიკული მედია გვამცნობს, ბაიდენის მთავარი გზავნილი ქვეყნის გაერთიანება და პანდემიასთან ბრძოლა იქნება.

ვიცე-პრეზიდენტის ფიცი, თავის მხრივ, განსხვავებულია პრეზიდენტის ფიცისგან. 1884 წლიდან ვიცე-პრეზიდენტი დებს ისეთივე ფიცს, როგორც სხვა თანამდებობის პირები.

ამასთან ერთად, არჩეული კანდიდატი მაინც გახდება პრეზიდენტი, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ ფიცი არ დადო. მაგალითად, ჯორჯ ვაშინგტონის პირველი საპრეზიდენტო ვადა 1789 წლის 4 მარტს დაიწყო, თუმცა ფიცი 30 აპრილს დადო.

უსაფრთხოების ზომები

პრეზიდენტის დაცვით დაკავებულია აშშ-ის საიდუმლო სამსახური [United States Secret Service — USSS], რომელიც მე-19 საუკუნეში შეიქმნა და თავდაპირველად ფულის გაყალბებასთან ბრძოლით იყო დაკავებული. 1901 წელს, პრეზიდენტ უილიამ მაკ-კინლის მკვლელობის შემდეგ, კონგრესმა მოითხოვა, რომ საიდუმლო სამსახურს პრეზიდენტის დაცვაც დაეწყო. 1902 წლიდან უწყება ამ ფუნქციასაც ასრულებს.

მართალია, პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე ყოველთვის დიდი რესურსები იხარჯება, ინაუგურაციის დღეს ვაშინგტონში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომება იქნება მიღებული. ეს განპირობებულია 6 იანვრის მოვლენებით, როცა დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. იმ მომენტისთვის კონგრესი ოფიციალურად ამტკიცებდა ჯო ბაიდენის გამარჯვებას არჩევნებში, რომელთა შედეგსაც ტრამპი არ აღიარებდა და ამ დრომდეც არ აღიარებს.

უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის დაახლოებით 25 000 ჯარისკაცი იქნება მობილიზებული. კაპიტოლიუმის შენობასთან ღობეა აღმართული, ხოლო ვაშინგტონის ცენტრალური ქუჩები გადაკეტილია.

ვაშინგტონის ქუჩებში გაძლიერებული უსაფრთხოება. ფოტო: EPA-EFE/JUSTIN LANE

ამასთან ერთად, უსაფრთხოების ზომები პანდემიის გამოცაა მიღებული. ინაუგურაციაზე დაპატიჟებულია მხოლოდ 1000-მდე ადამიანი. ისინი ერთმანეთისგან დისტანციას დაიცავენ. სავალდებულო იქნება პირბადის ტარებაც.

კაპიტოლიუმის აივნის წინ მდებარე მოედანი, სადაც მოქალაქეები იკრიბებიან, ასევე გადაკეტილია. დემონსტრაციის უფლება მხოლოდ ორ ჯგუფს მიეცა. ადგილზე მისვლამდე მათ სამართალდამცავები შეამოწმებენ.

ინაუგურაციის ისტორია — 4 მარტი თუ 20 იანვარი, თვითმფრინავი და ფიცის ჩაბარება მამისთვის

აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციების ისტორიაში საკმაოდ საინტერესო შემთხვევებიც იყო. პირველად, პრეზიდენტის ინაუგურაცია არა 20 იანვარს, არამედ 4 მარტს ტარდებოდა. პირველი, ვისი ინაუგურაციაც 20 იანვარს ჩატარდა, ფრანკლინ დელანო რუზველტი იყო.

აშშ-ის მეცხრე პრეზიდენტი, უილიამ ჰენრი ჰარისონი ირიბად შეიწირა მისმა ინაუგურაციამ. 4 მარტს, მისი ინაუგურაციის დღეს, ვაშინგტონში საკმაოდ ცივი ამინდი იყო. ჰარისონმა უარი თქვა, პალტო ჩაეცვა და ორ საათზე მეტხანს გამოდიოდა სიტყვით. იგი 31 დღეში, მუცლის ტიფით ან პნევმონიით გარდაიცვალა. ჰარისონმა პრეზიდენტის პოსტზე ყველაზე მცირე დრო გაატარა.

აშშ-ის 30-ე პრეზიდენტმა ჯონ კალვინ კულიჯმა ფიცი ვერმონტის შტატში, საკუთარ სახლში დადო. ფიცი მამამისმა, მომრიგებელმა მოსამართლემ და ნოტარიუსმა ჩაიბარა. რადგანაც სახლში ელექტროენერგია არ იყო, პრეზიდენტ უორენ ჰარდინგის გარდაცვალების შესახებ იმ დროისთვის ვიცე-პრეზიდენტ კულიჯს დესპანმა შეატყობინა.

36-ე პრეზიდენტის, ლინდონ ჯონსონის ინაუგურაცია აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავზე, ჯონ კენედის მკვლელობიდან ცოტა ხნის შემდეგ ჩატარდა. მას კენედის მეუღლე, ჟაკლინიც ესწრებოდა, ხოლო ისტორიაში პირველად [და ჯერჯერობით ერთადერთხელ] პრეზიდენტის ფიცი ქალმა, მოსამართლე სარა ჰიუზმა ჩაიბარა.


გარეკანის ფოტოზე: სამზადისი ბაიდენის ინაუგურაციისთვის. ფოტო: EPA.

მასალების გადაბეჭდვის წესი