ახალი ამბები

ტრამპმა თეთრი სახლი დატოვა

20 იანვარი, 2021 • 1898
ტრამპმა თეთრი სახლი დატოვა

ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე ტონალდ ტრამპმა ვაშინგტონი დატოვა. როგორც CNN წერს, ტრამპმა აშშ-ის ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების ცერემონიაზე დასწრებას სამხედრო წესით გაცილება ამჯობინა, რის გამოც თეთრი სახლი ნაადრევად დატოვა და ენდრიუს სამხედრო ბაზაზე გაემგზავრა.

ენდრიუს ბაზაზე ყოფნისას აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა ხანმოკლე სიტყვა წარმოთქვა, საკუთარ ოჯახს მადლობა გადაუხადა და დაიფიცა, რომ “ყოველთვის იბრძოლებს”:

“თქვენ არაჩვეულებრივი ადამიანები ხართ, ეს კი დიდებული ქვეყანაა. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიყავი თქვენი პრეზიდენტი” ,- მიმართა ტრამპმა ხალხს, ოჯახსა და  პერსონალს.

დონალდ ტრამპმა წარმატებები უსურვა მის შემდგომ ადმინისტრაციას, თუმცა არ უხსენებია არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სახელი.

CNN აღნიშნავს, რომ ტრამპმა სიტყვის წინასწარ მომზადებაზე უარი თქვა მას შემდეგ, რაც მისთვის მომზადებულ ტექსტს გაეცნო. აღნიშნულის გამო ენდრიუს ბაზაზე საგანგებოდ მომზადებული სუფლიორები სცენიდან გაიტანეს. გამოცემისვე ცნობით, ტრადიცია, რომელიც დონალდ ტრამპს არ დაურღვევია, მომავალი პრეზიდენტისთვის ოვალურ კაბინეტში წერილის დატოვებაა. წერილი მელანია ტრამპმაც დაუტოვა მომავალ პირველ ლედის, თუმცა მათი შინაარსი უცნობია.

აღნიშნულის შემდეგ ტრამპი სამხრეთ ფლორიდაში, პალმ ბიჩზე, მის საკუთრებაში არსებულ მარალაგას კლუბში გაემგზავრა.

გამოცემის ცნობით, ტრამპი პირველი პრეზიდენტი იქნება 150 წლის განმავლობაში, რომელიც ინაუგურაციის ცერემონიას ბოიკოტს უცხადებს. ცერემონიაზე დასწრებას გეგმავს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი. ფიცის დადებაზე არ იქნებიან ტრამპის ოჯახის წევრებიც, მათ შორის, პირველი ლედი მელანია და შვილი ივანკა ტრამპი.

აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ინაუგურაცია დღეს, 20 იანვარს გაიმართება.

ინაუგურაციის დღეს ვაშინგტონში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომება იქნება მიღებული. ეს განპირობებულია 6 იანვრის მოვლენებით, როცა დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. იმ მომენტისთვის კონგრესი ოფიციალურად ამტკიცებდა ჯო ბაიდენის გამარჯვებას არჩევნებში, რომელთა შედეგსაც ტრამპი არ აღიარებს.

უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის დაახლოებით 25 000 ჯარისკაცი იქნება მობილიზებული. კაპიტოლიუმის შენობასთან ღობეა აღმართული, ხოლო ვაშინგტონის ცენტრალური ქუჩები გადაკეტილია.

ბაიდენი დღეს ფიცს დადებს — რა უნდა ვიცოდეთ აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი