ახალი ამბები

დონალდ ტრამპმა თავისი ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი შეიწყალა

20 იანვარი, 2021 • 1348
დონალდ ტრამპმა თავისი ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი შეიწყალა

დონალდ ტრამპმა თავისი ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი შეიწყალა. CNN-ის ცნობით, ტრამპმა აღნიშნული გადაწყვეტილება თეთრი სახლის საბოლოოდ დატოვებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიიღო.

ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა შეწყალებულთა სრული სია, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა პრეზიდენტობის ბოლო წუთებში 100-ზე მეტი ადამიანი შეიწყალა. CNN-ის ინფორმაციით, შეწყალებულთა შორის არიან რეპერები, ლილ უეინი და კოდაკ ბლეკიც. ასევე, დეტროიტის ყოფილი მერი კვეიმ კილპატრიკი, რომელიც 2013 წელს კორუფციისა და რეკეტის ბრალდებით გაასამართლეს. მას 28-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

როგორც გამოცემა წერს, შეწყალებულთა სიაში ყველაზე საკამათო ფიგურა სტივ ბენონია, რომელიც 2016 წელს ტრამპის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. ბენონი 2020 წლის აგვისტოში თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალად სასაზღვრო კედლის ასაშენებელი კამპანიისთვის („We Build the Wall“) დონორების მიერ შეწირული ასიათასობით აშშ დოლარის თაღლითობით დაუფლება ედებოდა.

მაშინ ტრამპი აცხადებდა, რომ აღნიშნულ პროექტში ჩართული არ იყო, არ მოსწონდა და ბენონის დაკავება მისთვის მოულოდნელი იყო.

როგორც CNN წერს, ბენონის შეწყალებასთან დაკავშირებით ბოლო რამდენიმე საათი კულისებში მწვავე დებატები მიმდინარეობდა.

თეთრი სახლის განცხადებით, ” ბენონი კონსევრვატიული მოძრაობის მნიშვნელოვანი ლიდერი იყო და ცნობილია თავისი პოლიტიკური გამჭრიახობით”.

თუმცა გამოცემა თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ტრამპსა და ბენონს კომუნიკაცია ჰქონდათ და სწორედ ბენონი აძლიერებდა ტრამპის “შეთქმულების თეორიებს” არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

მათივე ცნობით, შესაძლოა ბენონს კავშირი ჰქონდეს 6 იანვარს კაპიტოლიუმთან მომხდარ მოვლენებთან. მათივე ინფორმაციით, მანამ, სანამ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრებოდნენ,  5 იანვარს ბენონი თავის პოდკასტში ამბობდა, რომ “ხვალ ყველანაირი ჯოჯოხეთი დასრულდება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი