ახალი ამბები

რომელ გადასახადებს (არ) ეხება აპარატებზე სავალდებულო იდენტიფიკაციის მოთხოვნა

20 იანვარი, 2021 • 903
რომელ გადასახადებს (არ) ეხება აპარატებზე სავალდებულო იდენტიფიკაციის მოთხოვნა

15 იანვრიდან ამოქმედდა სწრაფი გადახდის აპარატებით განხორციელებული გადახდების დროს გადამხდელის სავალდებულო იდენტიფიკაციის მოთხოვნა. საქართველოს ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ სავალდებულო იდენტიფიკაციის მოთხოვნა არ ეხება კომუნალურ, ტელეკომუნიკაციების და სახელმწიფო ხაზინაში შესატან გადასახადებს.

როგორც ნეტგაზეთს სებ-ში უთხრეს, სავალდებულო იდენტიფიკაციის მოთხოვნა საჭირო გახდა 2019 წელს მიღებული “ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს ახალი კანონის მიხედვით, რომელიც თავის მხრივ ემყარება ევროდირექტივით და FATF-ის 40 რეკომენდაციით გათვალისწინებულ საერთაშორისო სტანდარტებს.

სებ-ის ცნობითვე, ცვლილების შესახებ სრულად იყო ინფორმირებული საფინანსო სექტორის შესაბამისი წარმომადგენლები. მეტიც, მათ ჰქონდათ გარკვეული ვადა იმისთვის, რომ მოეხდინათ მომხმარებლების ინფორმირება ახალი რეგულაციის 2021 წლიდან ამოქმედების შესახებ.

“იდენტიფიკაცია, მიუხედავად თანხის ოდენობისა, საერთოდ არ მოითხოვება აპარატით განხორციელებულ შემდეგ გადახდებზე:
– კომუნალური გადახდები (დენი, წყალი, გაზი, დასუფთავება, ინტერნეტი და ტელეკომუნიკაცია, მობილური ოპერატორები);
– სახელმწიფო ხაზინაში შემავალი გადახდები;
– სახელმწიფო საპენსიო ფონდში გადახდები;
– სამოქალაქო ტრანსპორტი (მუნიციპალური ტრანსპორტი, ტაქსი, რკინიგზის ბილეთები, ავტობუსის ბილეთები);
– საფოსტო მომსახურება;
– განათლება (უმაღლესი სასწავლებლები, სკოლა, ბაგა-ბაღი, საბავშვო წრეები)
– სპორტული გამაჯანსაღებელი წრეები;
– მედია/პრესა (გაზეთების და ჟურნალები) გამოწერა;
– საყოფაცხოვრებო მომსახურება (ლიფტები, დასუფთავება, დაცვა, მცირეთანხიანი სარემონტო სამუშაოები);
– ჯანდაცვა (სამედიცინო მომსახურების საფასური) და ვეტერინარია (გარდა მედიკამენტებით ვაჭრობისა);
– სავიზო მომსახურების საფასური;
– გარკვეული ტიპის დაზღვევა, რომელიც კანონმდებლობით გათავისუფლებულია იდენტიფიკაციის მოთხოვნებისგან;
– დაბალრისკიანი საქონლის შეძენა”,-აცხადებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.

მათივე ცნობით, ეს მოთხოვნა დაწესებულია მხოლოდ იმ ტიპის გადახდებზე, რომელიც შედარებით მომეტებული რისკების მატარებელია და საჭიროა მათი სრულყოფილი მონიტორინგი ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შემცირებისთვის.

საბანკო ასოციაცია ავრცელებს ინფორმაციას იმ სერვისების შესახებ, რომელთა სარგებლობის შემთხვევაშიც მომხმარებლებს იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის გავლა მოუწევთ. ასოციაციის განცხადებით, ცვლილება ეხება შემდეგ სერვისებზე თანხის გადარიცხვას:

  • აზარტული თამაშები და ლატარია;
  • ონლაინ თამაშები ;
  • დაზღვევა და კერძო საპენსიო ფონდები;
  • ფინანსური სერვისები, მათ შორის: ფიზიკური და იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და სესხის გამცემი სუბიექტების სერვისები, ლიზინგი, ელექტრონული საფულის შევსება, ფინანსური ბაზრები და ფულადი გზავნილები;
  • ინტერნეტ მარკეტინგი;
  • ტრანსპორტი და ლოჯისტიკა;
  • ტურისტული მომსახურება;
  • ქსელური მარკეტინგი;
  • ქველმოქმედება;
  • საკონსულტაციო მომსახურება;
  • პოლიტიკური პარტიები;
  • უძრავი ქონების ყიდვასთან დაკავშირებული სერვისები.

“საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციით, მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის მონაცემების დაცვის მიზნით, თვითმომსახურების ტერმინალებით სხვადასხვა გადარიცხვის ოპერაციის შესრულებისას, მომხმარებლის პირადი ნომრისა და მობილურ ტელეფონზე გამოგზავნილი SMS კოდის შეყვანა სავალდებულო გახდა. გადაწყვეტილება ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია”,- ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი