ახალი ამბები

საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შეჩერება რუსეთზე არაა დამოკიდებული – სტოლტენბერგი

18 იანვარი, 2021 • 1614
საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შეჩერება რუსეთზე არაა დამოკიდებული – სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება საქართველოსა და ალიანსის გადასაწყვეტია და რუსეთს ჩარევის უფლება არ აქვს.

ახალგაზრდა ლიდერების სამიტზე ვიდეოკონფერენციისას სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის ჩარევა მეზობელ ქვეყნების საქმეებში ვერ გამართლდება ნატოს გაფართოებით აღმოსავლეთით, ვინაიდან ალიანსი ძალადობრივად არ აფართოებს თავის საზღვრებს და ყველა ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება, საკუთარი გზა აირჩიოს.

“რუსეთს არ აქვს უფლება, ჩაერიოს, დაბლოკოს ან შეაჩეროს სუვერენული სახელმწიფოს წევრობა ნატოში”, – განაცხადა სტოლტენბერგმა და ამ კონტექსტში მოიყვანა ნორვეგიის მაგალითი, რომელიც 1949 წელს, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგობის მიუხედავად, მოაწერა ხელი ალიანსის დამფუძნებელ ხელშეკრულებას.

“ჩემთვის პროვოკაციაა სუვერენული ქვეყნების უფლების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, რომ თავად გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი. ეს გავლენის სფეროების აღიარება იქნებოდა, როცა დიდი ქვეყნები კარნახობდნენ პატარებს მომავალს. მე არ მინდა ასეთ მსოფლიოში ცხოვრება, იმიტომ, რომ მე ვარ პატარა ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც დიდ ქვეყანას ემეზობლება”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, საქართველოს სურს, გახდეს ნატოს წევრი და რუსეთზე არაა დამოკიდებული ამის შეჩერება.

“გახდება თუ არა საქართველო ნატოს წევრი, მხოლოდ საქართველოს და მოკავშირეების გადასაწყვეტია. სხვა ყველაფერი სუვერენელი და დამოუკიდებელი ქვეყნების უფლებების დარღვევა იქნებოდა”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, რუსეთის ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც უკრაინაში, მიუღებელია, ხოლო ნატოს როლია, მხარი დაუჭიროს ამ ქვეყნებს შესაძლებლობების გაძლიერებაში, ტრენინგებში და რეფორმების გატარებაში.

“რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი, სხვადასხვა კონფლიქტები პოლიტიკური  გზით გადაწყდეს — იქნება ეს მოლდოვა, მთიანი ყარაბაღი… — მაგრამ ისე, რომ სუვერენიტეტის პრინციპი დავიცვათ”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, ნატოს გენერალურ მდივანი იენს სტოლტენბერგი 22 იანვარს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უმასპინძლებს.

ზურაბიშვილი 22 იანვარს NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდება

მასალების გადაბეჭდვის წესი