ახალი ამბები

პრეზიდენტის სასახლის ეზოში ქუჩის მუსიკოსების კონცერტი მაყურებლის გარეშე გაიმართება

18 იანვარი, 2021 • 1154
პრეზიდენტის სასახლის ეზოში ქუჩის მუსიკოსების კონცერტი მაყურებლის გარეშე გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით, 19 იანვარს ორბელიანების სასახლის ეზოში ქუჩის მუსიკოსების კონცერტი გაიმართება.

საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, ირინე შენგელიას განცხადებით, ახალგაზრდა ხელოვანების პოპულარიზაცია და მხარდაჭერა პრეზიდენტის სტრატეგიის ნაწილია, მით უფრო პანდემიის პერიოდში, როცა მათ მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევათ.

“მრავალი წლის განმავლობაში, ეს შენობა იმ ეპოქის საზოგადოების, მათ შორის კულტურის სფეროს გამორჩეული ნაწილის თავშეყრის ადგილი იყო, იმართებოდა კონცერტები და სალონური შეხვედრები. მსგავსი ღონისძიებებით „ორბელიანების სასახლე” იბრუნებს ტრადიციას“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ირინე შენგელიამ.

კონცერტი 19 იანვარს, 18:00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ქუჩის მუსიკოსები, დავით ევგენიძე და ბენდი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის და დათო ევგენიძის ერთობლივი პროექტი, კონცერტი მაყურებლის გარეშე გაიმართება, პირდაპირ ეთერში გადაიცემა პრეზიდენტის “ფეისბუქ” გვერდზე და საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონცერტის ტექნიკური უზრუნველყოფა და მუსიკოსების ჰონორარი დაახლოებით 16 000 ლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი