ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ილჰამ ალიევი ქალაქ შუშაში ჩავიდა

15 იანვარი, 2021 • 1594
ილჰამ ალიევი ქალაქ შუშაში ჩავიდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ვიცე-პრეზიდენტ მეჰრიბან ალიევასთან და საკუთარ ქალიშვილთან ერთად, კონფლიქტის ზონაში, ფუზულის რაიონში, მოგვიანებით კი ქალაქ შუშაში ჩავიდა. ინფორმაციას თავად პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

ილჰამ ალიევმა ფუზულის რაიონში ფუზული-შუშას საავტომობილო მაგისტრალისა და აეროპორტის მშენებლობისას სიმბოლურად მიიღო მონაწილეობა საძირკვლის მოწყობაში.

აზერბაიჯანმა შუშას მიმართულებით გზის მშენებლობა ომის დასრულებიდან მალევე დაიწყო. საბჭოთა კავშირის პერიოდში შუშაში მოხვედრა ძირითადად ხდებოდა სტეფანაკერტის [ხანქენდის] გავლით, თუმცა ასევე არსებობდა ფუზული-შუშასა და ქუბადლი-შუშას გზებიც, რომლებიც ომის შემდგომ მწყობრიდან გამოვიდა.

ქალაქ შუშაში ვიზიტისას ალიევების ოჯახმა მოინახულა შუშას მეჩეთი. ასევე, გახსნეს აზერბაიჯანელი მოღვაწეების ძეგლებიც. ალიევმა მედიას წარუდგინა საკუთარი ფოტოც, რომელიც შუშაში ყარაბაღის პირველ ომამდე, დაახლოებით 40 წლის წინაა გადაღებული.

ფოტო გარეკანზე: ილჰამ ალიევის ოფიციალური ვებ-გვერდი


11 იანვარს, მოსკოვში ვიზიტის დროს, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ფაშინიანთან და პუტინთან ერთად მიღწეული შეთანხმება შესაძლებელს ხდის, რომ სომხეთი აზერბაიჯანის გავლით დაუკავშირდეს ირანსა და თურქეთს, ხოლო აზერბაიჯანი დაუკავშირდება სომხეთის ტერიტორიის გავლით თურქეთს. ასევე, ერთმანეთს დაუკავშირდებიან თურქეთისა და რუსეთის სარკინიგზო არტერიები.

ნეტგაზეთის არქივიდან გთავაზობთ სტატიას მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ:

ნახიჩევანის კორიდორი – რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი