ახალი ამბები

ერდოღანი კორონავირუსის ჩინური ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა

15 იანვარი, 2021 • 1419
ერდოღანი კორონავირუსის ჩინური ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი პირდაპირ ეთერში კორონავირუსის ჩინური ვაქცინის გამოყენებით აიცრა. “სამართლიანობისა და განვითარების პარტიის” [თურქეთის მმართველი პარტია] პრესსპიკერის განცხადებით, ერდოღანმა ეს გააკეთა ჩინური ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებული შიშებისა და ეჭვების გასაფანტად. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

თურქეთმა დაიწყო საყოველთაო ვაქცინაციის პროგრამა, რა დროსაც ჩინური Sinovac-ის მიერ შექმნილ ვაქცინას იყენებენ. ამ დროისთვის უკვე აცრილია სამედიცინო სფეროს 250 000 მუშაკი.

ერდოღანმა ვაქცინა ანკარის ჰოსპოტალში მიიღო. მას თან ახლდა ფეჰრეთინ კოჩა, თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც წინა დღით აიცრა.

პრეზიდენტის განცხადებით, “მმართველი პარტიისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა წევრი აიცრება”.

“ვაქცინის კიდევ 25-30 მილიონ დოზას მიიღებს თურქეთი. ჩვენ გვინდა, რომ ვაქცინაცია სწრაფად გაგრძელდეს”, –  განაცხადა ერდოღანმა.

ჯერჯერობით ჩინურ ვაქცინებს არ მიუღიათ ევროპული და ამერიკული მარეგულირებლების ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ნებართვა. გარდა ამისა, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ჩინური ვაქცინის ეფექტიანობა, ბრაზილიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, არ სცდება 50.4%-ს. აღნიშულმა კვლევამ განსხვავებული შედეგები აჩვენა სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ მწარმოებელს განმარტება არ გაუკეთებია ამის შესახებ.

ფოტო გარეკანზე: Reuters


თურქეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 2 364 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 23 000-ზე მეტი ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი