ახალი ამბები

სიამოვნებით დაველოდებით ელისაშვილის პარტიასაც და გირჩსაც პარლამენტში – დავითულიანი

14 იანვარი, 2021 • 1125
სიამოვნებით დაველოდებით ელისაშვილის პარტიასაც და გირჩსაც პარლამენტში – დავითულიანი

„ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტარი ბექა დავითულიანი ამბობს, რომ გუნდის წევრები სიამოვნებით დაელოდებიან ალეკო ელისაშვილის პარტიასაც და „გირჩსაც“ საკანონმდებლო ორგანოში.

„პოლიტიკური კრიზისი ამ ქვეყანაში არ არსებობს, ამ ქვეყანაში არსებობს პარტიული და ოპოზიციური კრიზისი. რა თქმა უნდა, ეს არ არის ქვეყნისთვის ჯამურად კარგი, თუმცა, თუ დავუკვირდებით, ეს კრიზისი, პირველ რიგში, აზიანებს ოპოზიციას. ამიტომ სჯობია გონს მოეგონ, გადმოდგან ნაბიჯები, რომლებიც წაადგება ქვეყანას და დემოკრატიის განვითარებას, და შემოვიდნენ პარლამენტში“ ,- თქვა დღეს, 14 იანვარს ჟურნალისტებთან დავითულიანმა.

ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე კი მან უპასუხა: „სიამოვნებით დაველოდები ელისაშვილის პარტიასაც და გირჩსაც“ პარლამენტში”. მისივე თქმით, „ოცნება“ მზადაა კონსულტაციებისთვის ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიასთან.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით “გირჩი” (მეგრელიშვილი-ხვიჩია) და ალეკო ელისაშვილის პარტია “მოქალაქეები” მოლაპარაკებებს მართავენ


მას შემდეგ, რაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გამოქვეყნდა, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში მას არ აღიარებს, რის გამოც “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის უცხოელი ელჩების შუამავლობით მოლაპარაკებები დაიწყო. უკვე გაიმართა მოლაპარაკებების 4 რაუნდი და დაგეგმილია მეხუთე რაუნდის გამართვაც, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება მოლაპარაკებები.

მანდატებზე უარი თქვეს ბარიერგადალახულმა პარტიებმა, გარდა “ქართული ოცნებისა”, პარტია “მოქალაქეების” 2 წევრისა და “გირჩის” 3 წევრისა.

ამ დროისთვის მეათე მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებასთან” ერთად “პატრიოტთა ალიანსის” სიით შესული 4 დეპუტატია, რომლებმაც აღნიშნული პარტია დატოვეს და ახალი გაერთანების – “ევროპელი სოციალისტების” შექმნის შესახებ განაცხდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი