ახალი ამბებიეკონომიკა

კვების ინდუსტრიას დენის მომატებული ტარიფის 50%-ს სახელმწიფო დაუფარავს

13 იანვარი, 2021 • 1122
კვების ინდუსტრიას დენის მომატებული ტარიფის 50%-ს სახელმწიფო დაუფარავს

ეკონოკის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო კვების პროდუქტების მწარმოებელ მეწარმეებს 2021 წელს მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფსა და 2020 წლის მოქმედ ტარიფს შორის წარმოქმნილი სხვაობის 50%-ს, ანუ ნახევარს დაუფარავს.

ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესისა და პირობების შესახებ შესაბამისი დადგენილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბრძანებით უკვე შევიდა ძალაში. მანამდე გახარიამ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ 29 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზეც ისაუბრა.

მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, სუბსიდირება ვრცელდება იმ მეწარმე სუბიექტებზე, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ შემდეგ სექტორებში:

მეფრინველეობა; ხორცის გადამუშავება და კონსერვირება; შინაური ფრინველის ხორცის გადამუშავება და კონსერვირება; ხორცის პროდუქტების წარმოება; თევზის, კიბოსნაირების და მოლუსკების გადამუშავება და კონსერვირება; კარტოფილის გადამუშავება და კონსერვირება; ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავების და კონსერვირების სხვა სახეები; ზეთებისა და ცხიმების წარმოება; მარგარინისა და მსგავსი საკვები ცხიმების წარმოება; რძის გადამუშავება და რძის პროდუქტების წარმოება; საფქველ-ბურღულეული პროდუქტების წარმოება; სახამებლებისა და სახამებელი პროდუქტების წარმოება; პურის წარმოება, არახანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის, ნამცხვრების და მისთ. წარმოება; ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრის წარმოება; მაკარონის, ატრიის, კუსკუსისა და მსგავსი ცომეული პროდუქტების წარმოება; შაქრის წარმოება; სუნელ-სანელებლებისა და საკაზმ-სანელებლების წარმოება; ჰომოგენიზებული საკვები პრეპარატებისა და დიეტური საკვები პროდუქტების წარმოება; მზა საკვების წარმოება ფერმისა და შინაური ცხოველებისთვის.

“მეწარმეებმა, რომლებიც ისარგებლებენ ნაწილობრივი სუბსიდირებით, 2021 წლის 13 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით პერიოდში განაცხადი უნდა შეავსონ ელექტრონულ პლატფორმაზე: https://registration.gov.ge/electricity 

მეწარმეებს, რომლებიც ექვემდებარებიან ნაწილობრივ სუბსიდირებას და გადახდილი აქვთ/ექნებათ 2021 წლის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური, გადახდილი თანხა აესახებათ პირად სააბონენტო ბარათზე. ამასთან, ნაწილობრივი სუბსიდირება არ უნდა იქნეს მიმართული მეწარმე სუბიექტის მიერ 2021 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი დავალიანებების დასაფარად”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის გადაწყვეტილებით, “თელასისა” და “ენერგო პროს” აბონენტებს ელექტროენერგიის ტარიფი 2021 წლის იანვრიდან გაეზარდათ.

საყოფაცხოვრებო მომხმარებელთათვის ტარიფი 3.5 თეთრამდე გაიზარდა, არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის კი – 10-დან 15 თეთრამდე.

29 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ  2021 წელს მთავრობა სუბსიდირებას გაუწევს ელექტროენერგიის 2020 წლის ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობას 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის.

მისი თქმით, საქართველოში არის სულ მილიონ 700 ათასი აბონენტი, აქედან მილიონ 600 ათასი აბონენტი მოიხმარს 300 კილოვატზე ნაკლებს. გახარიას თქმით, ეს იმას ნიშანვს, რომ სუბსიდირება შეეხება მოქალაქეების 95% -ს.

2021 წელს ელექტროენერგიის ტარიფის ფასნამატს ბიუჯეტი დაასუბსიდირებს

მასალების გადაბეჭდვის წესი