ახალი ამბები

2021 წელს ელექტროენერგიის ტარიფის ფასნამატს ბიუჯეტი დაასუბსიდირებს

29 დეკემბერი, 2020 • 1531
2021 წელს ელექტროენერგიის ტარიფის ფასნამატს ბიუჯეტი დაასუბსიდირებს

2021 წელს მთავრობა სუბდიდირებას გაუწევს ელექტროენერგიის დღევანდელ და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობას 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის. ამის შესახებ დღეს, 29 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

“2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობა სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, რომელსაც დღეს დაადგენს კომისია[სემეკი], სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის.

საქართველოში არის სულ მილიონ 700 ათასი აბონენტი, აქედან მილიონ 600 ათასი აბონენტი მოიხმარს 300 კილოვატზე ნაკლებს, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეების ოჯახების 95% სრულად იქნება სუბსიდირებული ელექტროენერგიაზე ნაზარდი ფასის”, — განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, 2021 წელს მთავრობა 50%-ით დაუსუბსიდირებს დღევანდელ და გაზრდიილ ტარიფს შორის სხვაობას ყველა იმ ადგილობრივ კომპანიას, რომელიც საკვებ პროდუქტებს აწარმოებს.

“ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირება მოხდება არა მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის, არამედ ორგანიზაციებისთვის. არსებობს რისკი ამ გაზრდილი ტარიფის გადაცემის საბოლოო მომხმარებლისთვის პროდუქტის ფასზე. ამ მიზეზის გათვალისწინებითაც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა იმ კომპანიას, რომელიც არის პირველად დასაქმებაში საკვები პროდუქტების წარმოების, ადგილობრივ წარმოებაზეა საუბარი, სრულად ექნება დასუბსიდირებული ნაზარდი ტარიფით დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობა 50%-ით, 2021 წლის განმავლობაში”, — განაცხადა გახარიამ.

ელექტროენერგიის ახალ ტარიფს სემეკი დღეს დაადგენს. წინასწარი ინფორმაციით, საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი გაძვირდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი