ახალი ამბები

არსებობს ეჭვი, გუნდის წევრებმა ერთმანეთში არ დაიწყონ ურთიერთობის გარკვევა — ივანიშვილი “ოცნებაზე”

12 იანვარი, 2021 • 1067
არსებობს ეჭვი, გუნდის წევრებმა ერთმანეთში არ დაიწყონ ურთიერთობის გარკვევა — ივანიშვილი “ოცნებაზე”

“ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პარტიიდან წასვლისას გუნდთან ერთადერთი თხოვნა ჰქონდა — ერთმანეთის მიმართ ოპონირებას ნუ მოერიდებიან. ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” გუნდი ძალიან მეგობრულია, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ გუნდის წევრებმა ერთმანეთში ურთიერთობის გარკვევა დაიწყონ.

“უნდა გაფილტრონ ერთმანეთის აზრი, ყველა კრიტიკულ სიტუაციაში უნდა დასხდნენ, არ უნდა მოერიდონ ერთმანეთის ოპონირებას. აქედან გამომდინარე, შეცდომები ნაკლები იქნება. მე ვფიქრობ, რომ გუნდი ძალიან მეგობრულია, თუმცა იმისი ეჭვიც და შიშიც არსებობს, რომ ერთმანეთში არ დაიწყონ ურთიერთობის გარკვევა, რაც რთული იქნება გუნდისთვის. ეს არის ერთ-ერთი ხიფათი, მაგრამ შეუძლიათ, უჩემოდაც მშვენივრად გამოიმუშაონ საღი აზრი. როდესაც ვამბობ, რომ თვეების განმავლობაში ამას ვაჩვევდი, მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციებში ვერთვებოდი, მშვენივრად მართავდნენ: მთავრობის მეთაური -მთავრობას, შერჩეული მინისტრები”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გუშინ, 11 იანვარს, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან და “ქართული ოცნებიდან” წასვლის შესახებ განცხადება გაავრცელა. ივანიშვილს “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოზიცია ეკავა. გუშინვე პარტიაში განაცხადეს, რომ ივანიშვილს “ქართული ოცნებაში” ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი