ახალი ამბები

ნაფიც მსაჯულთა პრობლემის მოსაგვარებლად საკანონმდებლო ცვლილება იგეგმება – შოთაძე

12 იანვარი, 2021 • 985
ნაფიც მსაჯულთა პრობლემის მოსაგვარებლად საკანონმდებლო ცვლილება იგეგმება – შოთაძე

საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, მართლმსაჯულების სისტემა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პრობლემის წინაშე დგას, რის გამოც სასამართლო პროცესები “არაგონივრულად ჭიანურდება”. ამ საკითხზე მან ისაუბრა საპროკურორო საბჭოს 12 იანვრის სხდომაზე, 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას და თქვა, რომ საკანონმდებლო ცვლილებებისთვის სამუშაო ჯგუფია შექმნილი.

„ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური 2020 წელს გახდა, პანდემიის პირობებში, როდესაც ამ გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა როგორც პროკურატურა, ასევე სასამართლო, პენიტენციური სისტემა, ადვოკატები… ყველა ამ რეალობის წინაშე აღმოვჩნდით.

ვხვდებით, რომ პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, რომლებიც მთავრობამ დაგეგმა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო რიგი პერიოდის განმავლობაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოების საერთოდ გამართვა…

…რეალურად, ყველანი ვხედავთ და ვაცნობიერებთ, რომ ამ შერჩევის პრობლემების გამო, ხშირ შემთხვევაში, სასამართლოები არაგონივრულად ჭიანურდება “, – თქვა მან.

შოთაძის განცხადებით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ნაფიც მსაჯულთა შერჩევის მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს.

“ეს მუშაობა 2021 წელს აქტიურად წარიმართება და მაქსიმალურად სწრაფად ვეცდებით, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს, რათა ეს პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება და  მდგომარეობს ნაფიცი მსაჯულების შერჩევის გაჭიანურებაში, გადაიჭრას.

როდესაც ვხედავთ, რომ ნაფიცი მსაჯულების პროცესების რაოდენობა იზრდება ყოველწლიურად, შესაბამისად, ეფექტიანად უნდა მოვახდინოთ ამ პრობლემების გადაჭრა, წინააღმდეგ შეთხვევაში, საკმაოდ დიდი პრობლემის წინაშე შესაძლოა აღმოჩნდეს მთლიანად მართლმსაჯულების სისტემა“,- აღნიშნა შოთაძემ.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი