ახალი ამბები

“ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე წარადგინეს

11 იანვარი, 2021 • 1725
“ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე წარადგინეს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე წარადგინეს, რომელსაც პარტიაში აღმასრულებელი მდივნის თანამდბებობა უკავია. ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს შეკრების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” ახალ თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობას შაბათს, 16 იანვარს, პარტიის ყრილობაზე აირჩევენ.

კობახიძემ აღნიშნულ პოსტზე ბიძინა ივანიშვილი უნდა ჩაანაცვლოს, რომელმაც პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ დღეს, 11 იანვარს, განაცხადა.

კობახიძე ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერიცაა. მანამდე, 2016-2019 წლებში, მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე იყო და 2019 წლის 21 ივნისს გადადგა. კობახიძის გადადგომას წინ უძღოდა 20 ივნისის მოვლენები — რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, ვიზიტი საქართველოში და მის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა, რასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა თავდაპირველად  სწორედ ირაკლი კობახიძის გადადგომა იყო, თუმცა შემდგომ ამას სხვა მოთხოვნები დაემატა.

20 ივნისის ღამეს საპროტესტო აქცია ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტებიც. მეორე დღეს, 21 ივნისს “ქართული ოცნების” უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადეს, რომ ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადგა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი