ახალი ამბები

ამ ეტაპზე ჩინურ ვაქცინებს არ განვიხილავთ – გაბუნია

11 იანვარი, 2021 • 1347
ამ ეტაპზე ჩინურ ვაქცინებს არ განვიხილავთ – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ ამ ეტაპზე საქართველო არ განიხილავს კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინურ ვაქცინებს.

გაბუნია დღევანდელ ბრიფინგზე განმარტავს, რომ ამ ეტაპზე საქართველო განიხილავს მხოლოდ იმ ვაქცინებს, რომლებსაც მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების ავტორიზაცია აქვთ.

„მკაცრი მარეგულირებელი ორგანოები განისაზღვრება ჯანმრთელობის მსფოლიო ორგანიზაციის მიერ და შედის ამ ჩამონათვალში 35 ქვეყანა. მაგალითისთვის, ეს არის ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტო, გერმანიის მარეგულირებელი, ევროპის მარეგულირებელი და ა.შ.

მხოლოდ ამ ვაქცინებთან დაკავშირებით არის მოლაპარაკება. ამ ეტაპზე ჩინური ვაქცინები – სინოვაკი და სინოფარმი – არის ჩვენთვის ცნობილი, ყველაზე წინ წასული, რომელიც ჩინეთში გამოიყენება. აქედან ჯერჯერობით არცერთი არ არის აღიარებული მკაცრი მარეგულირებლის მიერ  და არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არ არის პრეკვალიფიცირებული“, – ამბობს გაბუნია.

ის დასძენს, რომ ამ ეტაპზე საქართველო განიხილავს მხოლოდ „ფაიზერის“; „ასტრაზენეკასა“ და „მოდერნას“ ვაქცინებს. ყველა ამ ვაქცინას შესანახად სჭირდება სპეციალური მაცივარი.

„დღესაც რომ გვქონდეს „ფაიზერის“ ვაქცინა, სამ დიდ ქალაქებში – თბილისი, ქუთაისი და ბათუმი – არის ის ტექნოლოგიური შესაძლებლობები, მინუს 80 გრადუსზე ტემპერატურის მქონე მაცივრები, სადაც შესაძლებელია ამ ვაქცინების შენახვა.

ვაქცინების შესანახი ამგვარი მაცივარი არის ლუგარის ლაბორატორიის ცენტრალურ ოფისში და მის ფილიალებში, და ასევე ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში, რადგან ეს ლაბორატოიები არის მაღალტექნოლოგიური და ამ ტიპის აღჭურვილობა აქვთ.

ასევე, არც ძვირი არ ღირს ეს მაცივარი იმდენად, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ მოკლე ვადაში მათი შესყიდვა. წინასწარ მოკვლევით, დაახლოებით 23 ათასი დოლარი ღირს ერთი ამ ტიპის მაცივარი. დამატება თუ დაგვჭირდა, ამასაც შევიძენთ“, – ამბობს გაბუნია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ასევე თქვა, რომ საქართველოს დღესვე აქვს ლოჯისტიკური შესაძლებლობა, მიიღოს “ფაიზერის” ვაქცინის 200 ათასი დოზა.

საქართველო ვაქცინების შესაძენად 17 მილიონამდე დოლარის დახარჯვას გეგმავს, რაც საშუალოდ 700 ათასი ადამიანის ასაცრელად იქნება განკუთვნილი. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, თანხის ნაწილი წინასწარაა გადახდილი.

გუშინ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში მსჯელობენ ერთ-ერთი ჩინური ვაქცინის შესახებაც.

მისი თქმით, ჩინურ ვაქცინას მაღალი ნდობა აქვს და “ხელწამოსაკრავი” არ არის.

ლაპარაკია ჩვენთან ერთ-ერთი ჩინური ვაქცინის შემოტანაზე — ცერცვაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი