ახალი ამბები

ივანიშვილის წასვლა პირადი კომფორტისთვის გადადგმული უპასუხისმგებლო ნაბიჯია — ხიდაშელი

11 იანვარი, 2021 • 1444
ივანიშვილის წასვლა პირადი კომფორტისთვის გადადგმული უპასუხისმგებლო ნაბიჯია — ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი და კოალიცია “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ “ოცნების” თავმჯდომაროებიდან და პოლიტიკიდან წასვლა “პირადი კომფორტისთვის გადადგმული უპასუხისმგებლო ნაბიჯია”.

თინა ხიდაშელის აზრით, ბიძინა ივანიშვილის წასვლა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან წინასწარ დაგეგმილი იყო და არ არის სპონტანური გადაწყვეტილება.

“ეს გადაწყვეტილება, რომ იგი თანამდებობას დატოვებდა, საპარლამენტო არჩევნებამდე იყო მიღებული. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ზუსტად ვიცი, რომ დეკემბერში იყო დაგეგმილი ქართული ოცნების ყრილობა, სადაც იგი უნდა გადამდგარიყო და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამხდარიყო, მაგრამ სწორედ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, პროცესმა გადაინაცვლა დროში”, – აცხადებს ნეტგაზეთთან საუბრისას თინა ხიდაშელი.

ნეტგაზეთის დამაზუსტებელ კითხვაზე, ვარაუდობს თუ არა პარტიის ახალ თავმდჯომარედ ირაკლი კობახიძეს, თინა ხიდაშელი პასუხობს, რომ სწორედ კობახიძეა “ყველაზე შესაბამისი კანდიდატი”.

“ის არის ყველაზე სწორი, ლოგიკური და შესაფერისი კანდიდატი იმ ტიპის უპასუხისმგებლო მმართველობის რეჟიმისთვის, რომელიც ბატონმა ივანიშვილმა შემოგვთავაზა. ამ კუთხით კობახიძეს პარტიაში კონკურენტი არ ჰყავს”, – ამბობს ხიდაშელი.

შეკითხვაზე, თუ რა მიზეზებით შეიძლება იყოს გამოწვეული ბიძინა ივანიშვილის თანამდებობიდან წასვლა და არის თუ არა ეს პოლიტიკიდან რეალურად ჩამოშორებისთვის გადადგმული ნაბიჯი, თინა ხიდაშელი პასუხობს, რომ “გადადგომის მიზეზები იგივეა, რაც მის მიერ პრემიერ-მინისტრობის პოსტის დატოვების დროს იყო”.

“ეს არის გამოწვეული იმავე მიზეზებით, რის გამოც იგი გადადგა პრემიერობის პოსტიდან და რატომაც არ დადიოდა საგარეო ვიზიტებზე. ზოგადად, იმით, რომ ამ ადამიანს არ უყვარს მაინცდამაინც “პოდიუმზე” ყოფნა. შეწუხდა, შევაწუხეთ მთელმა ქვეყანამ. არჩევნებიც არ გამოილია ამ ქვეყანაში, მუდმივად უწევს განცხადებების გაკეთება და ეს არის მისი რეფლექსია, რომ საჯარო სივრცეში მინიმალურად ყოფნაც კი აირიდოს თავიდან.

ახლა ოფიციალურად ნათქვამი აქვს, რომ წავიდა და ვეღარც ჟურნალისტებს ექნებათ პრეტენზია, რომ რამე კითხვა დაუსვან და ვეღარც ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. თუ მისი პირადი სურვილი არ იქნება, ვერავინ ვეღარ მოითხოვს მასთან შეხვედრას და ვითარების გარკვევას, ან კითხვებზე პასუხებს”, – აცხადებს ხიდაშელი.

თინა ხიდაშელის თქმით, ივანიშვილის მიერ თანამდებობის დატოვება “პროცედურული კუთხითაც შეუსაბამო და უპასუხისმგებლობაა და არ არის თავსებადი დემოკრატიულ პრინციპებთან”

“როგორც წესი, როდესაც თანამდებობას ტოვებს იმ პარტიის თავმჯდომარე, რომელსაც მოსახლეობამ ნდობა გამოუცხადა, ინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ახალი ნდობის მოსაპოვებლად. როგორც ჩანს, კობახიძე, რომელმაც კარგად იცის ეს საკითხები პროცედურულად, მას ამ ყოველივეს უმალავს.

მეორე ამბავი, რომელიც უპასუხისმგებლობის გამოვლინებას უკავშირდება, არის მმართველი პარტიის თავმჯდომარის მიერ იმის განუცხადებლად წასვლა, თუ ვის “ტოვებს”, რადგან ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც, როგორც ჩანს, არ იქნება ამ პარტიის თავმჯდომარე, და ასევე, გვეყოლება პარლამენტის რიგითი წევრი [ირაკლი კობახიძე], რომელიც იქნება პარტიის ხელმძღვანელი. ინსტიტუციურად თუ შევხედავთ, ვართ აბსოლუტურ კატასტროფაში. და რა დემოკრატიულ მმართველობაზეა საუბარი, როდესაც გუშინ “მოგებული” არჩევნების შედეგად პარტიის თავმჯდომარე მიდის, ქვეყანას სხვა პირი ჰყავს პრემიერ-მინისტრად და პარტიის თავმჯდომარედ კიდევ სხვა აღმოჩნდება. ეს არის ინსტიტუციური დომხალი, რომელიც, პირველ რიგში, არის ინსტიტუციების სისუსტისა და შიდაპარტიული დაპირისპირების შედეგი, რაც იწვევს სახელმწიფოს დასუსტებას. ეს არის აბსურდი, ინტელექტუალური შეცდომა და დემოკრატიასთან სრულიად არათავსებადია”, – აცხადებს თინა ხიდაშელი.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, როგორ აღიქმება ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ წერილში პარტია “ქართული ოცნების” მიერ ოპოზიციაში შესაძლო გადასვლაზეც საუბრობს.

“ქართული ოცნება ოპოზიციაში ვერ გადავა, რადგან განსხვავებით ნაციონალური მოძრაობისა, როდესაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში აღარ იქნება, ის უბრალოდ “აღარ იქნება”, დაიშლება”, – განაცხადა ხიდაშელმა.

კითხვაზე, ვარაუდობს, თუ არა იგი ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკაში კიდევ ერთხელ დაბრუნებას, როგორც ეს ერთხელ უკვე მოხდა, თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ მისი პოლიტიკაში აქტიური ჩართვა აღარაა მოსალოდნელი.

“წინ არჩევნებია. როგორც ჩანს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან გარიდების მცდელობითაც იყო მისი პოლიტიკიდან წასვლა განპირობებული, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ იგი 2021 წლის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთვება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მხარდამჭერი განცხადება გააკეთოს. მისი აქტიურად დაბრუნების მოლოდინი არ მაქვს”, – განუცხადა თინა ხიდაშელმა ნეტგაზეთს.


დღეს, 11 იანვარს, ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა წერილი, სადაც იგი აცხადებს, რომ კიდევ ერთხელ ტოვებს საჯარო პოლიტიკას და უბრუნდება “2011 წლამდე არსებულ კერძო ცხოვრების წესს”.

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის

მასალების გადაბეჭდვის წესი