ახალი ამბები

სერბული მოდელი განხილვის თემა არის, მათ შორის ოპოზიციის შიგნითაც — უდუმაშვილი

10 იანვარი, 2021 • 1291
სერბული მოდელი განხილვის თემა არის, მათ შორის ოპოზიციის შიგნითაც — უდუმაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციაში ე.წ. სერბულ მოდელზე მსჯელობენ.

თუმცა, უდუმაშვილი აღნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებასთან”  შეთანხმების მთავარი საფუძველი ახალი არჩევნები უნდა იყოს.

“ჩვენ შეგვიძლია დავსხდეთ და ვისაუბროთ [ახალი არჩევნების] ვადებზე, რა დროს უნდა ჩატარდეს, რა წინაპირობები უნდა იყოს ამისთვის, მაგრამ ის, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს, არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა და შესაბამისად, ამის ირგვლივ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ხელისუფლებასთან[…]

სერბული მოდელი, არ დაგიმალავთ, არის განხილვის თემა, მათ შორის ოპოზიციის შიგნითაც. ჯერჯერობით, არ არის ამაზე ჩამოყალიბებული პოზიცია”, — განუცხადა უდუმაშვილმა “რუსთავი 2-ს”.

კომპროიმისი 2-წლიანი პროტესტის შემდეგ: რა მოხდა სერბეთში?

სერბეთის უკანასკნელი ფართომასშტაბიანი საპროტესტო მოძრაობის ისტორია 2018 წლის ნოემბრიდან იწყება.  მაშინ სასტიკად სცემეს ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, ბორკო სტეფანოვიჩი. სწორედ ეს გახდა საფუძველი მასობრივი პროტესტის დაწყებისა, რომელმაც მალე ყოველკვირეული დემონსტრაციების სახე მიიღო.

აქციის მონაწილეთა თავდაპირველ მოთხოვნებს შორის იყო მმართველი წრეების კრიტიკოსთა მიმართ ძალადობის ფაქტების გამოძიება და სახელმწიფო მედიაში განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებებისთვის დროის გამოყოფა. მოთხოვნები თანდათან გაფართოვდა და მოიცვა საარჩევნო და მედიაგარემოს გაჯანსაღება, ასევე, მეტი გამჭვირვალობა ქვეყნის მმართველობის სხვადასხვა დონეზე.

ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები მიიჩნევდნენ, რომ გაცხადებულად პროევროპული ორიენტაციის მქონე პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი და მისი “პროგრესული პარტია”, რეალურად, ავტორიტარიზმისკენ მიაქანებდნენ ქვეყანას.

2019 წელს ოპოზიციურმა ალიანსმა თქვა, რომ ბოიკოტს უცხადდებდა 2020-ის საპარლამენტო არჩევნებს. მათ მონაწილეობა არ მიიღეს არც ევროპარლამენტარების შუამავლობით გამართულ ინტერპარტიულ მოლაპარაკებებში, სადაც ასევე აღინიშნა, რომ არ არსებობდა პირობები სერბეთში თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად.

დაანონსებული ბოიკოტის ფონზე, 2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ საარჩევნო ბარიერი დაწია, რაც კრიტიკოსებმა შეაფასეს მცდელობად, პარლამენტში უფრო მცირე, ვუჩიჩის მიმართ მეტად ლოიალური პარტიები შეეყვანათ.

ამავე პერიოდში სერბეთში მიმდინარე პროცესებზე შეშფოთება გამოხატეს ევროპარლამენტის პოლიტიკურმა გაერთიანებებმა, მათ შორის, ლიბერალებმა და სოციალ-დემოკრატებმა.

პანდემიის კრიზისის გამო აპრილის ნაცვლად ივნისში ჩატარებულ არჩევნებში, როგორც მოსალოდნელი იყო, ვუჩიჩის პარტიამ ხმათა უმრავლესობით(60%) გაიმარჯვა. დანარჩენი ხმები მცირე პარტიებზე გადანაწილდა.

მიუხედავად პარლამენტის ერთი შეხედვით მრავალპარტიულობისა, ვუჩიჩი იძულებული გახდა, კომპრომისზე ჯერ კიდევ ახალი მთავრობის ფორმირებამდე წასულიყო: მან 2022 წლისთვის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების პირობა დადო.

კრიტიკოსებმა და დამკვირვებლებმა ეს ნაბიჯი შეაფასეს, ერთი მხრივ, ოპოზიციის წარმატებად, მეორე მხრივ კი, სერბეთის მმართველი პარტიის მცდელობად, გაიმყაროს ლეგიტიმაცია მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების თვალში.

როდის დაიწყო საქართველოში სერბეთის მაგალითზე საუბარი?

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდგომი ვითარების განხილვისას, სერბეთის მაგალითი ლიეტუვის ყოფილმა პრემიერმა და ამჟამად ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა ახსენა. მან “ქართულ ოცნებას” მოუწოდა, გაითვალისწინოს ევროპის ამ სახელმწიფოს გამოცდილება

სერბულ მოდელზე დეკემბერში “ლელოც” ალაპარაკდა. “ლელოს” წარმომადგენლებმა ონლაინ შეხვედრაც გამართეს სერბეთის ოპოზიციის წარმომადგენელთან. “ლელოში” მიაჩნიათ, რომ სერბეთის გამოცდილება საქართველოს კონტექსტს ერგება და ამგვარი კომპრომისის შესაძლებლობა “ქართული ოცნების” მხრიდანაც რეალურია.

იმუშავებს თუ არა ქართულ პოლიტიკაში “სერბეთის მოდელი”

მასალების გადაბეჭდვის წესი