ახალი ამბები

ანტისემიტიზმი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის ცნობიერებაში – ზალკალიანი

8 იანვარი, 2021 • 1492
ანტისემიტიზმი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის ცნობიერებაში – ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ტვიტერზე გამოეხმაურა ბოლო დღეების განმავლობაში ზოგი სასულიერო პირის მხრიდან გამოთქმულ ანტისემიტურ მოსაზრებებს.

“ქართველი და ებრაელი ხალხის ისტორია ძმობის, მეგობრობის, გვერდში დგომის ისტორიაა, ყველა ქვეყნისა თუ ერისთვის მისაბაძი. ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში.  ებრაელი და ქართველი ხალხის მომავალი მუდამ იქნება ძმობა და ერთობა”, – წერს ზალკალიანი ტვიტერზე. 

აღნიშნულს წინ უძღოდა 20 დეკემბერს ჯერ მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის ქადაგება, რომლის ნაწილიც ანტისემიტურად შეაფასა როგორც საქართველოში ისრაელის ელჩმა, ასევე, უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ TDI-მ.

ამის შემდეგ, მიმდინარე წლის იანვარში, გაცილებით რადიკალური ანტისემიტური განცხადებები გააკეთა იოანე გამრეკელის ეპარქიის დეკანოზმა ილია კარკაძემ.

“ორშაბათს, 4 იანვარს, ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ გადმოანთხია ანტისემიტური შეთქმულების რამდენიმე თეორია, რომელთა ნაწილიც ევროპაში 1930-იან წლებში გავრცელებულ ყველაზე სისხლიან ბრალდებებსა და ანტიებრაული სიძულვილის პროპაგანდას მოგვაგონებს”, – ასე გამოეხმაურა დეკანოზის განცხადებებს საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი.

ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ პატრიარქი ილია მეორე “კიდევ ერთხელ გაიმეორებს ტოლერანტობისკენ მოწოდების ეგზომ საჭირო გზავნილს და დაგმობს ნებისმიერი სახის ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ფანატიზმს”.

ისრაელის ელჩი მიტროპოლიტ იოანეს ქადაგებასა და შემდგომ განმარტებას ეხმაურება

მასალების გადაბეჭდვის წესი