ახალი ამბები

ხანძარია 6 ლოკაციაზე, აქედან 2 ღამით გაჩნდა – საგანგებო

9 იანვარი, 2021 • 1210
ხანძარია 6 ლოკაციაზე, აქედან 2 ღამით გაჩნდა – საგანგებო

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ტყისა და მინდვრის ხანძარი 6 ლოკაციაზე ფიქსირდება. სამ კერაზე ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

უწყება ამბობს, რომ ღამის განმავლობაში გაჩნდა ხანძრის ორი ახალი კერა – ერთი იმერეთში, ერთიც სამეგრელოში, მარტვილში, სოფელ ბალდაში, იმ ფერდის სიახლოვეს, სადაც მეხანძრე-მაშველებმა ორი დღის წინ ჩააქრეს ხანძარი.

სამსახური ამბობს, რომ მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრეები ხანძარს მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ. რაც შეეხება ხანძრის გავრცელებას რეგიონების მიხედვით:

„ბალდას გარდა, ერთი კერაა დობერაზენში და ორი წალენჯიხაში, სოფელ სქურში. სქურში ორივე კერა ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ხანძარი ლოკალიზებულია შიდა ქართლში. კასპში, რკონის ხეობაში კერებთან მიყვანილია წყლის მაგისტრალები და მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები.
ღამის განმავლობაში ახალი კერა გაჩნდა იმერეთში, საჩხერეში, სოფელი ვაკისაში. იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი რკალზე. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი,“.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ამბობს, რომ ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია 500 მეხანძრე და მოუწოდებს მოქალაქეების თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან.

„დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე,“ – ამბობს უწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი