ახალი ამბები

დააკავეს პირი, რომელმაც ნაქირავები “ტოიოტა პრიუსი” დაშალა და ნაწილებად გაყიდა

8 იანვარი, 2021 •
დააკავეს პირი, რომელმაც ნაქირავები “ტოიოტა პრიუსი” დაშალა და ნაწილებად გაყიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს პირი, რომელმაც სხვისი “ტოიოტა პრიუსი” დაშალა და ნაწილებად გაყიდა.

როგორც შსს აცხადებს, გამოძიებით დადგინდა, რომ 1991 წელს დაბადებულმა გ.რ-მ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, თავისი კუთვნილი, „ტოიოტა პრიუსის“ მოდელის ავტომობილი ბრალდებულ ვ.მ-ს და 1987 წელს დაბადებულ ტ.ბ-ს გადასცა, რის შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა ავტომობილს სხვადასხვა დეტალი მოხსნეს და გაასხვისეს.

პოლიციამ ვ.მ. მიმდინარე წლის 4 იანვარს დააკავა. 1987 წელს დაბადებული ტ.ბ. კი სამართალდამცველებმა ამავე საქმეზე 2020 წლის 20 ნოემბერს თბილისში დააკავეს.

დაშლილი ავტომობილი პოლიციამ თბილისში, ყვარლის ქუჩაზე იპოვა და ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

შსს-ს ცნობით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ ტ.ბ-სა და ვ.მ-ს ანალოგიური თაღლითური სქემით მითვისებული აქვთ სხვა მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილებიც, რომელთაგან გამოძიებამ იპოვა და ამოიღო 5 ავტომობილი.

დანარჩენი ავტომობილების ადგილმდებარეობის დადგენისა და ნივთმტკიცებად ამოღების მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად, დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობს გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი