ახალი ამბები

ტყისა და მინდვის ხანძრის 7 კერაზე ცეცხლის ჩაქრობა გრძელდება — საგანგებო

8 იანვარი, 2021 • 657
ტყისა და მინდვის ხანძრის 7 კერაზე ცეცხლის ჩაქრობა გრძელდება — საგანგებო

საგანგებო სიტუიაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის მასშატაბით ტყისა და მინდვრის ხანძრის 7 კერაზე 500 მეხანძრე-მაშველი ცეცხლის ქრობის სამუშაოებს განაგრძობს. ხანძარი დარჩენილია სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმსა და შიდა ქართლში.

მათივე ცნობით, სამსახური მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა მონიტორინგს ტყისა და მინდვის ხანძრის 7 კერაზე და არცერთ მათგანზე გართულება არ ყოფილა.

“გათენებისთანავე მეხანძრე-მაშველებმა განაახლეს მუშაობა ყველა მიმართულებით. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ყველგან ექვემდებარება, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ამ ხნის განმავლობაში ტყისა და მინდვრის ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა. არსებული 7 კერიდან სამი კერა ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები”, — აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, შვიდი კერიდან:

  • 4 სამეგრელოშია, მათ შორის, ერთი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სამზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები. 2 კერაა წალენჯიხაში, სოფელ სქურში, ერთი – სოფელ ფახულანში და ერთიც- მარტვილში, სოფელ დობარაზენში.
  • 2 კერაა დარჩენილი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, მათ შორის ერთი ლოკალიზებულია. ონში რჩება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება ქრობის სამუშაოებში. ონში, სოფელ ონჭევის და წოლას მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ხოლო ამბროლაურში, სოფელი აბარში, გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.
  • ხანძარი ლოკალიზებულია, ასევე, შიდა ქართლში, კასპში, რკონის ხეობაში და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს – თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი