ახალი ამბები

ენმ-ში იყო ბევრი ხალხი, ზოგმა გაამართლა, ზოგმა არ გაამართლა — სააკაშვილი ვაშაძეზე

8 იანვარი, 2021 • 1519
ენმ-ში იყო ბევრი ხალხი, ზოგმა გაამართლა, ზოგმა არ გაამართლა — სააკაშვილი  ვაშაძეზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ენმ-ის ყოფილ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძეზე ამბობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” ბევრი ხალხი იყო, ზოგმა გაამართლა და ზოგმა — არა. თუმცა იქვე დასძენს, რომ ვაშაძე, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, “უბრწყინვალესი იყო”.

ასე უპასუხა სააკაშვილმა ” მთავარი არხის” ეთერში ნიკა გვარამის კითხვას, რომელიც ვაშაძის ცოლის, პრიმა-ბალერინა ნინო ანიაშვილის  მიერ რუსეთში, ნოვოსიბირსკის საბალეტო დასის ხელმძღვანელობაზე საუბარს მოჰყვა. გვარამიამ სააკაშვილს ჰკითხა: “წასულზე, ვაშაძეს ვგულისხმობ, ან კარგს ამბობენ ან არაფერსო. ასე გადავატაროთ ეს ამბავი? ხომ იცით, რომ წასულებზე არ არის და გარდაცვილელებზეა, როგორ ფიქრობთ, ვაშაძე პოლიტიკურად გარდაიცვალა?”

საააკაშვილმა აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემისას პარალელი გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შროდერთან გაავლო და თქვა, რომ არც მისი პარტია და არც მისი ქვეყანა მის ქმედებებზე პასუხს აღარ აგებს.

“გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ არ უნდა აქტიურ პოლიტიკაში ყოფნა და წავიდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობიდან. “ნაციონალურ მოძრაობაში” იყო ბევრი ხალხი, ზოგმა გაამართლა, ზოგმა არ გაამართლა. მიმაჩნია, რომ ვაშაძე, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, იყო უბრწყინვალესი და ძალიან დიდი დამსახურებები ჰქონდა.

გერჰარდ შროდერი წავიდა გერმანიის კანცლერობიდან და გახდა “გაზპრომის” საბჭოს წევრი. “გაზპრომს” ბალეტს ვერ შევადარებ, მით უმეტეს, რომ „გაზპრომის“ მთავარი აქციონერი არის ახლა მთავარი უზურპატორი და გამანადგურებელი საქართველოსი. მათი გასაკრიტიკებელი ნამდვილად არ არის ვაშაძე და ანანიაშვილი. შროდერი იმიტომ გავიხსენე, რომ ის აღარ იყო გერმანიის კანცლერი, ამიტომ არც მისი პარტია და არც მისი ქვეყანა მის ქმედებებზე პასუხს აღარ აგებდა და არც აგებს”, —  განაცხადა სააკაშილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ გრიგოლ ვაშაძემ 15 დეკემბერს განცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზებს შორის პარტიაში “ოდიოზური ფიგურების” გამოჩენა, ელჩების წინააღმდეგ “გაჩაღებული თავდასხმა” და სხვა უთანხმოებები დაასახელა.

მოგვიანებით, 6 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ ვაშაძის ცოლი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელი, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ მან “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში განაცხადა.

“რადიო თავისუფლებასთან” ანანიაშვილი ამბობს, რომ პარალელურად  ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელადაც დარჩება. ნოვოსიბირსკის თეატრთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების მიზეზად ანანიაშვილმა საქართველოში პანდემიის გამო შექმნილი ვითარება  დასახელა.

კითხვაზე, როგორ შეხვდა ამ გადაწყვეტილებას მისი ქმარი, ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, ანანიაშვილი პასუხობს, რომ “არ გახარებია”, თუმცა დასძენს, რომ ცოლ-ქმარს საქმიანობის სფეროები გაყოფილი აქვთ და არც თავად ერევა პოლიტიკაში.

ანანიაშვილი ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასს უხელმძღვანელებს

მასალების გადაბეჭდვის წესი