ახალი ამბები

კორონავირუსი კიდევ 4 პატიმარს დაუდასტურდა – პენიტენციური

8 იანვარი, 2021 • 862
კორონავირუსი კიდევ 4 პატიმარს დაუდასტურდა – პენიტენციური

საქართველოს პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 3 სხვადასხვა დაწესებულებაში ოთხ პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა. უწყება ამბობს, რომ ჯამში, 46 PCR ტესტირება ჩატარდა.

ოფიციალური განცხადების თანახმად, პატიმრებს შორის, რომლებსაც 6 იანვარს კორონავირუსი დაუდასტურდათ, არიან როგორც საკარანტინო სივრცეში მყოფი ახალდაკავებულები, ასევე კლინიკის სპეციალიზებულ ნაწილში მყოფი, სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულებიდან საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შედეგად გადაყვანილი მსჯავრდებულები.

„7 იანვარს მიღებული PCR ტესტების საფუძველზე 46-დან ოთხ პატიმარს დაუდასტურდა covid-19. ორი მათგანი არის N15 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული, ერთი არის N17 და ერთი – N8 დაწესებულების საკარანტინო სივრციდან კლინიკაში გადაყვანილი ახალდაკავებული ბრალდებული, რომელსაც N8 დაწესებულების დანარჩენ კონტინგენტთან კონტაქტი არ ჰქონია“, – ამბობს პენიტენციური.

ამ უკანასკნელ პატიმარზე უწყება ამბობს, რომ N8 დაწესებულების საკარანტინო სივრცეში საკარანტინო პერიოდის გატარების შემდეგ ჩაუტარდა PCR ტესტირება და დაუდასტურდა covid-19, რის შემდეგაც იგი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. 6 იანვარს კი განმეორებით ჩაუტარდა PCR ტესტირება და პასუხი კვლავ დადებითი იყო.

„ყველა ინფიცირებული პირის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას იღებენ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.

რაც შეეხება ინფიცირებული პირების კონტაქტებს, მოხდა მათი შემოწმება სწრაფი ანტიგენის ტესტებით და ყველა პასუხი იყო უარყოფითი. მიუხედავად ამისა, თითოეული ეს პირი პენიტენციური დაწესებულებების მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფება და საჭიროების შემთხვევაში მათაც სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული მომსახურება გაეწევათ“, – ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსი გამოვლინდა. მანამდე იუსიტიციის მინისტრი, გოჩა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ქალთა დაწესებულებაში ინფექციის 23 შემთხვევა დადასტურდა. 

მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით პატიმარი გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ქსნის (მე-15) დაწესებულებაში იხდიდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი