ახალი ამბები

კორონავირუსი 23 ქალ პატიმარს დაუდასტურდა

6 იანვარი, 2021 • 757
კორონავირუსი 23 ქალ პატიმარს დაუდასტურდა

იუსტიციის მინისტრ გოჩა ლორთქიფანიძის თქმით, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი 23 ქალ პატიმარს დაუდასტურდა.

როგორც ლორთქიფანიძემ 6 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, 31 დეკემბრიდან ინტენსიური პისიარ ტესტირება დაიწყო არასრულწლოვანთა და ქალთა დაწესებულებაში.

„ტესტირებას უპირველესად დაექვემდებარა არასწრულწლოვნების, ბავშვთა პენიტენციური დაწესებულება, სადაც ყველა ტესტი იყო უარყოფითი. შემდეგ გადავედით ქალთა დაწესებულებაზე, სადაც ასევე ჩატარდა პისიარ ტესტირება და 23 შემთხვევაში დადასტურდა კოვიდი. ყველა მათგანი იზოლირებულები არიან, ასევე იზოლაციაში იმყოფებიან მათი კონტაქტები. ყველა შემთხვევაში ხდება მყისიერი რეაგირება და სისტემა ეფექტურად ფუნქციონირებს“,- აცხადებს გოჩა ლორთქიფანიძე.

მისივე ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირება გრძელდება სხვა დაწესებულებებშიც და უწყება პერიოდულად გაავრცელებს ინფორმაციას პატიმრების ჯანმრთელობის შესახებ.

ამასთანავე, გოჩა ლორთქიფანიძე კოვიდინფიცირებული პატიმრის გარდაცვალების ფაქტსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ქსნის დაწესებულების პატიმარი სიმპტომების დადასტურების შემდეგ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მეშვიდე დღეს მისი მდგომარეობა დამძიმდა და გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი