ახალი ამბები

რა ვიცით კორონავირუსით გარდაცვლილ პატიმარზე

6 იანვარი, 2021 • 1019
რა ვიცით კორონავირუსით გარდაცვლილ პატიმარზე

ქსნის N15 პენიტენციური დაწესებულებაში კორონავირუსით ინფიცირებული პატიმარი გარდაიცვალა. კაცი გარდაცვალებამდე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

გარდაცვალების შესახებ პენიტენციურმა სამსახურმა ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც პატიმარზე ინფორმაცია მედიაში გავრცელდა. ტელეკომპანია „მთავარზე“ გასული სიუჟეტის თანახმად, პატიმარს სათანადო სამედიცინო დახმარება არ ჩაუტარეს, ოჯახს კი ამ თემაზე საუბარი აუკრძალეს.

უწყება ირწმუნება, რომ მიუხედავად გავრცელებული ცნობებისა, პატიმარს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.

„რესპირატორული ინფექციის სიმპტომების გამოვლენისთანავე გადაყვანილი იყო სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც გაუკეთდა სწრაფი ტესტი ანტიგენზე და პასუხი იყო დადებითი. მსჯავრდებულის მდგომარეობა იყო სტაბილური და უტარდებოდა სიმპტომური მკურნალობა, თუმცა კლინიკაში გადაყვანიდან მეშვიდე დღეს, პირველ იანვარს, მისი მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა და გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე.

დადგენილი წესის შესაბამისად, იმავე დღეს, პირველ იანვარს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიზეზით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებული სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლდა. როგორც პენიტენციური სამსახურისთვის არის ცნობილი, პატიმრობიდან გათავისუფლებული მოცემული პირი კლინიკაში გარდაიცვალა, თუმცა პენიტენციური სამსახურის უყურადღებობაში დადანაშაულება სრულიად უადგილოა, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, მოცემული პირი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში სათანადო მკურნალობას გადიოდა“,- ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყება ასევე ამბობს, რომ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაიყვანეს გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფი პირებიც. მათ არ აქვთ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და მათი ტესტირების პასუხიც უარყოფითია – „თუმცა ისინი ამჟამად კვლავ კლინიკაში მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. მათი დაბრუნება სასჯელის მოხდის ადგილზე მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კლინიკაში საკარანტინო პერიოდს გაატარებენ და ამის შემდეგ ჩაუტარდებათ PCR ტესტირება“.

პატიმრის გარდაცვალებას დღეს გამოეხმაურა საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე იუსიტიციის მინისტრი, გოჩა ლორთქიფანიძეც. მან დაადასტურა ოფიციალური განცხადების შინაარსი.

მისივე ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა 23 ქალ პატიმარსაც, ამჟამად კი მსჯავრდებულთა ინტერსიური ტესტირება მიმდინარეობს.

კორონავირუსი 23 ქალ პატიმარს დაუდასტურდა

მასალების გადაბეჭდვის წესი