ახალი ამბები

პრობლემები, რაც პანდემიამ მსოფლიოს მოუტანა, ღვთის დაშვებით მოხდა- ილია II -საშობაო ეპისტოლე 

7 იანვარი, 2021 • 1095
პრობლემები, რაც პანდემიამ მსოფლიოს მოუტანა, ღვთის დაშვებით მოხდა- ილია II -საშობაო ეპისტოლე 

“ის პრობლემებიც, რაც პანდემიამ დღევანდელ მსოფლიოს მოუტანა, ღვთის დაშვებით მოხდა”, – აცხადებს ილია მეორე 2021 წლის საშობაო ეპისტოლეში, რომლითაც შობის ღამეს მას არ მიუმართავს მორწმუნეებისთვის ტრადიციის შესაბამისად და რომელიც დაგვიანებით გამოქვეყნდა. 

საპატრიარქო ჯერჯერობით არ აკეთებს კომენტარს, რა არის საშობაო ეპისტოლეს ასე გვიან გამოქვეყნების მიზეზი. 

ილია მეორის წლევანდელი ეპისტოლე, წინა წლებთან შეადრებით, მოკლეა, თუმცა,  შინაარსით მსგავსი – პატრიარქი შობის დღესასწაულის მნიშვნელობასთან ერთად კვლავ ხაზს უსვამს, რომ თავშეუკავებლობის, გარყვნილების, ცილისწამების, სიცრუის, ავსიტყვაობის, უზნეობის, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის, ათეიზმის წახალისება ხდება მსოფლიოში. 

თავის ეპისტოლეში პატრიაქრი მოკლედ ეხება პანდემიასაც და წერს: 

“ის პრობლემებიც, რაც პანდემიამ დღევანდელ მსოფლიოს მოუტანა, ღვთის დაშვებით მოხდა. ვირუსის უცნაურმა ბუნებამ აიძულა ადამიანები გარკვეულ რეგულაციებს დამორჩილებოდნენ. ეს აუცილებელია, მაგრამ აუცილებელია თითოეული ჩვენგანის ღმერთთან მეტი სიახლოვეც, რადგან არავინ იცის, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე. წმინდა წერილი შეგვაგონებს: „შვილო, შენს სნეულებაზე თვალს ნუ დახუჭავ, არამედ შეევედრე უფალს და განგკურნავს. განაგდე ცთუნება და გაისწორე ხელი და გული განიწმინდე ყოველგვარი ცოდვისგან” (სიბრ. ზირ. 38,9-10). ასე რომ, ზომიერება გვმართებს, ექიმთა რჩევასაც უნდა დავუგდოთ ყური, მაგრამ უმთავრესი ღვთის მცნებების დაცვა და მის წინაშე სათნო ცხოვრებაა”, – წერს ილია მეორე. 


  • პანდემიის მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ არ შეცვალა საერთო კოვზით ზიარების წესი, ასევე, ხალხმრავალი შეკრებების ტრადიცია ტაძრებში დღესასწაულებზე.
  • ხელისუფლებამ გადაადგილებაზე შეზღუდვა 6 იანვრის საღამოს სწორედ შობის დღესასწაულის გამო მოხსნა, რათა მრევლს ეკლესიაში მისვლის შესაძლებლობა ჰქონოდა, თუმცა ანალოგიური შესაძლებლობა არ მისცა სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს, რომლებიც შობას 7 იანვარს არ აღნიშნავენ.
  • არაერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა კოვიდ 19-ით საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი