ახალი ამბები

შეჭრა კაპიტოლიუმში: დაღუპულია 4 ადამიანი

7 იანვარი, 2021 • 2018
შეჭრა კაპიტოლიუმში: დაღუპულია 4 ადამიანი

კაპიტოლიუმში დონალდ ტრამპის მომხრეების შეჭრისა და შემდგომი მოვლენების შედეგად 4 ადამიანია დაღუპული. ინფორმაციას ვაშინგტონის პოლიცია ადასტურებს.

უწყების თანახმად, დაღუპულებს შორისაა ქალი, რომელიც კაპიტოლიუმის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღით მკერდის არეში დაჭრეს. პოლიციის ცნობით, გარდაცვლილებს შორისაა კიდევ ერთი ქალი და ორი კაცი, თუმცა კონკრეტული მიზეზების შესახებ ამ დროისთვის არ საუბრობენ.

CNN-ის ინფორმაციით, შეჭრისა და შეტაკებებისას დაშავებულთა შორის არაერთი პოლიციელია, რომელთაგან მინიმუმ ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ტელეკომპანია იტყობინება მომიტინგეებისგან შენობის გაწმენდის პროცესში კვამლის ყუმბარების გამოყენების შესახებაც. კაპიტოლიუმის ფანჯრების ნაწილი ჩამსხვრეულია.

6 იანვარს აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში მომიტინგეები კაპიტოლიუმის — აშშ-ის კონგრესის [პარლამენტის] შენობაში შეიჭრნენ. ამ დღეს ოფიციალურად უნდა გაფორმებულიყო საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.

ვითარების გამწვავებიდან მალევე დაიწყეს სენატორების, წარმომადგენელთა პალატის წევრების და მათი ადმინისტრაციების თანამშრომლების ევაკუაცია.

შეჭრას წინ უძღოდა ტრამპის მომხრეების საპროტესტო აქცია ვაშინგტონში. მათ სიტყვით თავად მოქმედმა პრეზიდენტმაც მიმართა. შენობაში ასობით პირის შეჭრის შემდეგ, ტრამპმა მხარდამჭერებს დაშლისკენ მოუწოდა, თუმცა “პატრიოტებად” მოიხსენია.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის განცხადებით, კონგრესის ორივე პალატა დღესვე განაგრძობს საარჩევნო კოლეგიის ხმების დათვლას. კერძოდ, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც შესაბამისი სამსახურები კაპიტოლიუმს გაწმენდენ.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს დონალდ ტრამპმა და ჯო ბაიდენმა: „შეჭრა კაპიტოლიუმში: რას ამბობენ ტრამპი და ბაიდენი?“

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაეცანით „ნეტგაზეთის“ სტატიას: „ტრამპის მხარდამჭერების შეჭრა აშშ-ის კაპიტოლიუმში | რა ვიცით ამ დროისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი