ახალი ამბები

3 დღეში ხანძრის 250 კერა დაფიქსირდა, 242 ლიკვიდირებულია – საგანგებო

6 იანვარი, 2021 • 1325
3 დღეში ხანძრის 250 კერა დაფიქსირდა, 242 ლიკვიდირებულია – საგანგებო

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო 3 დღეში ქვეყანაში ხანძრის 250 კერა დაფიქსირდა, მათგან უმეტესობა – 242 ლიკვიდირებულია.

უწყება ამბობს, რომ საქართველოს მასშტაბით ტყისა და მინდვრის ხანძრებს ორი ვერტმფრენი, 70-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 700-ზე მეტი მეხანძრე- მაშველი ებრძოდა.

„ვერტმფრენებმა ამ დროისთვის მუშაობა შეაჩერეს და საჭიროების შემთხვევაში ხვალ დილიდან ისევ ჩაერთვებიან სამუშაოებში. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით დარჩენილია ხანძრის 8 კერა, საიდანაც 1 ლოკალიზებულია. ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

საგანგებო ამბობს, რომ რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება:

შიდა ქართლში, კასპში, რკონის ხეობაში ვერტმფრენის მუშაობის შემდეგ ვითარება დასტაბილურდა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მეხანძრე- მაშველები მთელი ღამე ხეობაში დარჩებიან. რაჭა-ლეჩხუმში ხანძარი ლოკალიზებულია სოფელ ჩქუმში. ონჭევი- წოლასა და ლაილაშში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

იმერეთში ლიკვიდირებულია ხანძრები წყალტუბოში, სოფელ ზარათში და ხონში, სოფელ ძეძილეთში. ქრობის სამუშაოები გრძელდება ხარაგაულში, სოფელ ნადაბურსა და ჭიათურაში, სოფელ ნავარძეთში. ორივე ლოკაციაზე მობილიზებული არიან მეხანძრე- მაშველები და მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.

აჭარაში, ქედაში, სოფელი ბზუბზუში უწყვეტი სამუშაოების შემდეგ მოხდა ხანძრის ლიკვიდაცია. დარჩენილია რამდენიმე მცირე მხრჩოლავი კერა და მიმდინარეობს მათი დამუშავება. სამეგრელოში ლიკვიდირებულია ხანძარი წალენჯიხაში სოფელ ჯაღირაში და აბაშაში, სოფელ წყემში და მარტვილში, სოფელ ბალდაში. ლოკალიზებულია ჯვარში, სოფელ მუჟავში, წალენჯიხაში, სოფელ სქურში, ნაფიხჩოვოში და ტალერში გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს – თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან.

„დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე“, – ამბობს უწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი