ახალი ამბები

ქართველ თეოლოგთა ნაწილი საშობაოდ კრიტიკულ წერილს ავრცელებს

6 იანვარი, 2021 • 1561
ქართველ თეოლოგთა ნაწილი საშობაოდ კრიტიკულ წერილს ავრცელებს

ქართველ თეოლოგთა ნაწილი, საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეს გამოქვეყნებამდე ავრცელებს კრიტიკულ წერილს, სახელად “ქართველ თეოლოგთა საშობაო ეპისტოლე”.

თეოლოგთა განცხადებით, ისინი გრძნობენ ვალდებულებას, “რათა დედაეკლესიის ჯანსაღ მდგომარეობაზე იზრუნონ და განსაკუთრებით ფხიზელი თვალით დააკვირდნენ სასულიერო იერარქიის ქმედებებს”, ხოლო ამ წერილის მიზანს ” საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სავალალო და კრიზისული მდგომარეობის გაანალიზება და წმინდა სინოდისათვის პრობლემების აღმოსაფხვრელად ქმედითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობის შეხსენებაა”.

თეოლოგების მიერ გავრცელებული წერილის მიხედვით, კათოლიკოს პატრიარქის მიერ თანამოსაყდრის დანიშვნა, საეკლესიო სამართლის მიხედვით, დარღვევაა.

“ორხელისუფლებიანობა და ერთ კათედრაზე ორი მღვდელმთავრის ყოფნა საეკლესიო სამართლის, ანუ წმინდა და დიდი სჯულის კანონის მიხედვით ყოვლად დაუშვებელ ანტიკანონიკურ ფენომენს წარმოადგენს”, – ვკითხულობთ გავრცელებულ წერილში.

თეოლოგთა ჯფუფი ყურადღებას ამახვილებს “საზოგადოებისთვის ცნობილ შემთხვევებზეც”.

მათი თქმით, ე.წ. ციანიდის საქმემ ეკლესიაში არსებული დაპირისპირებები აშკარა გახადა.

“ციანიდის საქმის სკანდალურმა აფეთქებამ ერთბაშად წარმოაჩინა საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარე ფარული და დაუნდობელი ბრძოლა ძალაუფლებისათვის”, – ნათქვამია წერილში.

“ვგმობთ საქართველოს საპატრიარქოს ე.წ. კარტოგრაფების საქმეში პირდაპირი და ცხადი მონაწილეობისთვის, რომლის შედეგად ორი ხანდაზმული მეცნიერი – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, ციხეში გამოამწყვდიეს”, – ვკითხულობთ წერილში.

წერილში საუბარია ჭყონდიდის ყოფილი ეპისკოპოსის – პეტრე ცაავას “უკანონოდ დასჯის” შესახებ.

ავტორების მიხედვით პეტრე ცაავასადმი გამოტანილი გადაწყვეტილება უსამართლოა, რადგან:

      • გადაწყვეტილება ერთპიროვნულადაა მიღებული, როცა მისი გამოტანა “ერთმმართველი აბსოლუტის” იმპერატიული ნების უზენაესობით ხდება და არა სინოდური ანუ კრებსითი წესით;
      • როდესაც სჯიან ბრალმდებელს (მიტრ. პეტრეს) ისე, რომ მას არ უსმენენ და არც კი აძლევენ აძლევენ საშუალებას, წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები;
      • მრავალჯერადი მსჯავრი (I. აეკრძალოს მღვდელმოქმედება; II. განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობიდან; III. განმწესდეს მონასტერში მოსანანიებლად; IV. გაირიცხოს სინოდის წევრობიდან) არღვევს ეკლესიის ძირეულ სამართელბრივ პრინციპს – “შურს ნუ იძიებთ ერთი რაიმესათვის ორჯერ”.

გავრცელებულ “ეპისტოლეში” გაკრიტიკებულია ქართული ეკლესიის მიერ 2016 წელს მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიათა კრეტის დიდ და წმინდა კრებისადმი ბოიკოტის გამოცხადება.

“საქართველოს საპატრიარქოს და კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის, როგორც კომუნისტურ-სტალინისტური ფორმაციის ინსტიტუციის და პიროვნების, პრორუსული  სულისკვეთება საუკეთესოდ გამოვლინდა ჯერ 2016 წელს მსოფლიო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიათა კრეტის დიდ და წმინდა კრებაზე ბოლო წუთებში ბოიკოტირებით.  ეკლესიის ისტორიაში არნახული ფაქტი მოხდა: კრების მოსამზადებელ დოკუმენტების სრულ უმრავლესობაზე დატანილი საკუთარი ხელმოწერები და კრებაზე გამგზავრების სინოდური დადგენილები ბოლო მომენტში გააბათილეს, რითაც საქართველოს საპატრიარქომ ობსტრუქცია მოუწყო საერთო მართლმადიდებლურ დიდ და წმინდა კრებას, ლახვარი ჩასცა მართლმადიდებლობის ერთიანობას”, – ნათქვამია გავრცელებულ წერილში.

თეოლოგთა განცხადებით, საქართველოს ეკლესია შემოწირულობებს იღებს ე.წ. “ქურდული სამყაროს” წევრებისგან, მფარველობს სამოქალაქო სამართლის მიხედვით დამნაშავე მღვდელთმსახურებს, რეალურად არ ხარჯავს ფულს ქველმოქმედებაში, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ფინანსები გააჩნია და არ უფრთხილდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და ტაძრებს და ბოროტად იყენებს მის ხელთ არსებულ განათლების სისტემას.

წერილს ხელს აწერენ თეოლოგები: ზვიად ცაბაძე, გიორგი ტიგინაშვილი, ვლადი ნარსია, გოჩა ბარნოვი, გურამ ლურსმანაშვილი, დავით თინიკაშვილი, ვანო შოშიაშვილი, მიხეილ ნებიერიძე, დავით ნებიერიძე, გიორგი გეგუჩაძე, რატი ბიგანიშვილი, გურამ პაპავა, მიხეილ ნებიერიძე, გოგა ესიავა, ასევე,  ეკლესიის ისტორიის მკვლევრები- ბექა ჭიჭინაძე და შოთა მათითაშვილი.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა საქართველოს საპატრიარქოს, რათა გაეგო ეკლესიის პოზიცია გავრცელებული წერილის შესახებ, სადაც განაცხადეს, რომ “ეკლესია საშობაო წირვისთვის ემზადება, ჯერ არ უნახავთ გავრცელებული წერილი, საშობაო დღეების შემდეგ კი აუცილებლად გაეცნობიან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი