ახალი ამბები

კოვიდის ახალი შტამის კონტაქტების იზოლაციის ვადა დასრულდა – იმნაძე

5 იანვარი, 2021 • 1355
კოვიდის ახალი შტამის კონტაქტების იზოლაციის ვადა დასრულდა – იმნაძე

იმ მოქალაქის კონტაქტები, რომელსაც COVID-19-ის ახალი შტამი დაუდასტურდა, იზოლაციიდან უკვე მოხსნილები არიან. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში 5 იანვარს გამართულ ბრიფინგზე პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ პირს კორონავირუსი დეკემბრის შუა რიცხვებში დაუდასტურდა.

იმნაძის განცხადებით, ინფიცირებულს მოგზაურობის ისტორია არ აქვს, თუმცა კონტაქტი ჰქონდა მოგზაურობის ისტორიის მქონე სხვა პირთან, რომელიც ამჟამად საქართველოში აღარ იმყოფება.

“იზოლაციაში ვინც იყო[ახალი შტამით ინფიცირებულის კონტაქტები], უკვე მოხსნილები არიან, რადგან უკვე ყველამ გაიარა თავისი იზოლაციის ვადა, 14 დღე”, – დაამატა მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

როგორც იმნაძე აღნიშნავს, ბრიტანეთში ახალი შტამის გამოვლენის შემდეგ, საქართველოში აქამდე დადასტურებული ყველა შემთხვევა გამოიკვლიეს. საბოლოოდ შეარჩიეს სამი შემთხვევა, საიდანაც ახალი შტამი მხოლოდ ერთში დადასტურდა.

“ჯერჯერობით რაც არის ჩვენი ბრიტანელი კოლეგების მიერ გამოქვეყნებული სამედიცინო მტკიცებულებები, არანაირი განსხვავება კლინიკურ მიმდინარეობაში ახალ და ძველ შტამს შორის არ არის”, – ამბობს ის.  ასევე ამბობს, რომ ვირუსის იდენტიფიცირება შესაძლებელი ხდება როგორც პისიარ ტესტით, ასევე, ანტიგენის.

საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი დადასტურდა

მასალების გადაბეჭდვის წესი