ახალი ამბები

საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი დადასტურდა

4 იანვარი, 2021 • 1523
საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

“დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიაში დამთავრდა მოძიებული ნიმუშების გენეტიკური ანალიზი კორონავირუსის ახალი „ბრიტანული“ შტამის ქვეყანაში არსებობის დასადგენად. სულ კვლევაში იყო 3 საეჭვო შემთხვევა. 2 შემთხვევაში ამ შტამის არსებობა არ დადგინდა. ხოლო ერთ, დეკემბრის თვეში აღებულ ნიმუშში, დადასტურდა ახალი „ბრიტანული“ შტამის S გენისათვის დამახასიათებელი მუტაცია”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, პაციენტი 50 წლის მამაკაცია, რომლის მდგომარეობაც ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

“დაავადებულის კონტაქტები დადგენილია. მოძიებულია ერთ-ერთი კონტაქტის დადებითი ნიმუში, რომელიც საქართველოში შემოვიდა სხვა ქვეყნიდან და უკვე დაბრუნდა იმავე ქვეყანაში. ტარდება მისი ნიმუშის სექვენირებაც”, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.

კორონავირუსის ახალი შტამი თავდაპირველად 2020 წლის შემოდგომაზე ბრიტანეთში აღმოაჩინეს, თუმცა მისი გავრცელება აქტიურად დეკემბერში დაიწყო. გამოვლენილი მუტაცია უკვე დადასტურებულია მსოფლიოს 30- ზე მეტ ქვეყანაში და დღეისათვის არსებული მონაცემებით შესაძლოა უკავშირდებოდეს ვირუსის უფრო ადვილად გავრცელებას, მაგრამ დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე გავლენას არ ახდენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი