ახალი ამბები

COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების მოკვლევის შედეგები იანვარში გვეცოდინება – გაბუნია

5 იანვარი, 2021 • 1155
COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების მოკვლევის შედეგები იანვარში გვეცოდინება – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, COVID-19-ით გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევის მოკვლევის შედეგები მიმდინარე თვეში, პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში 5 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, მედიაში გავრცელებული სამი შემთხვევის გარდა, რეგულირების სააგენტო კიდევ 10 შემთხვევას სწავლობს, რომელთაგანაც ყველა შემთხვევა პაციენტის გარდაცვალებას არ უკავშირდება, თუმცა დაკავშირებულია კოვიდ 19-ის კლინიკურ მართვასთან.

“წინასწარი დასკვნები არსებობს, ექსპერტიზა მიმდინარეობს კიდევ დამატებითი და როგორც კი შეიკრიბება საბჭო, გახდება ცნობილი ამასთან დაკავშირებით”, – თქვა მან.

გაბუნია დასძენს, რომ საბჭოს წინასწარი დასკვნა სამინისტროსვისთვის ერთ შემთხვევაშია ცნობილი და გადაცდომა არ დასტურდება.

თუმცა, როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, პროცედურულად საჭიროა საბჭოს ფორმატის გავლაც.

“საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ონლაინ ფორმატში საბჭო ამ საკითხებს ვერ განიხილავს. როგორც კი ჩაინიშნება რეალურად საბჭოს შეხვედრა, არა ონლაინ, არამედ პირდაპირი კომუნიკაციის ფორმატში, ეს განიხილება. ამ თვეში გვაქვს ეს დაგეგმილი”, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

ჯანდაცვის სამინისტრო სწავლობს საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევას. მათ შორისაა 19 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტი თბილისში. გოგოს დედა დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციაზე საუბრობს.

უწყებამ ასევე დადო პირობა, რომ შეისწავლიდა 12 წლის ბავშვის გარდაცვალებას ბათუმში, გასული წლის ნოემბერში.

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 232 079 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 222 787 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 646 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი