ახალი ამბები

2 900 საწოლი ქვეყნის მასშტაბით თავისუფალია – გაბუნია

5 იანვარი, 2021 • 539
2 900 საწოლი ქვეყნის მასშტაბით თავისუფალია – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ბოლო მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით 2 900 საწოლი თავისუფალია.

გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, რომ ქვეყანაში ბოლო 24 საათში დაახლოებით, 14 ათასი ტესტი ჩატარდა და 2300-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა – „რაც უახლოვდება იმ მაჩვენებელს, რაც რეალურად უნდა გვქონდეს ქვეყანაში“.

რაც შეეხება პაციენტებსა და საწოლფონდს, გაბუნია ამბობს, რომ კლინიკებში რჩება 4 034 პაციენტი. 160 პაციენტი იმყოფება ტრიაჟის პროცესში, ანუ დიაგნოზი დადასტურებული ჯერ არ აქვთ.

„ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება 837 პაციენტი და 286 პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და სჭირდება სუნთქვის ხელოვნური ვენტილაცია.

საწოლფონდის რაოდენობა მნიშვნელოვნად განიტვირთა ამ პერიოდის განმავლობაში და 2900 საწოლი თავისუფალია ქვეყნის მასშტაბით. გარკვეული საწოლები დაუბრუნდნენ მრავალპროფილური სერვისების მიწოდებას, განსაკუთრებით- აჭარაში. აჭარაში ყველაზე თვალსაჩინოდ იგრძნობა ინფექციის სტაბილიზაცია და დაღმასვლა. და იქ განმეორებითი ტალღის აღმოცენების რისკიც არის შედარებით უფრო ნაკლები, ვიდრე ქვეყნის სხვა რეგიონებში“, – ამბობს გაბუნია.

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 232 079 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 222 787 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 646 გარდაიცვალა.

თბილისი – 961; იმერეთი – 420 | კორონავირუსის განაწილება 5 იანვარს

მასალების გადაბეჭდვის წესი